გურიის რეგიონში ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურ რეჟიმში მართავენ. ამჯერად, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნაღობილევის, თხინვალის და მერიის მოსახლეობას შეხვდნენ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრეს. ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ადგილობრივებმა ყველა ის საკითხი დასვეს, რომლის დროულად მოგვარება მათთვის მნიშვნელოვანია.
სოფელ ნაღობილევის და სოფელ მერიის მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წყალმომარაგება, გაზიფიცირება და შიდა გზების მოწესრიგება წარმოადგენს. სოფელ თხინვალში კი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაა პრიორიტეტული. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები იქნება გათვალისწინებული.