კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სოციალური მიმართულების მინისტრობის კანდიდატებს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ კომიტეტის წევრებს სამინისტროებში უკვე განხორციელებულ რეფორმებზე და „სამთავრობო პროგრამა 2019-2020“ -ის ძირითად მიმართულებებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
მიხეილ ბატიაშვილმა თავისი გამოსვლა სკოლის პედაგოგების საკითხით დაიწყო და პროგრამა „მასწავლებლის ჯილდოსა“ და პედაგოგთა ანაზღაურებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „მასწავლებლის ჯილდოს“ ფარგლებში უკვე დარეგისტრირდა 6 ათასამდე პედაგოგი, რომლებმაც სისტემიდან გასვლის თაობაზე განაცხადი გააკეთეს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პედაგოგები სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის სახით, ორი წლის სახელფასო სარგოს მიიღებენ და ასევე ისარგებლებენ დაზღვევის პოლისებით.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სასკოლო სისტემაში განხორციელდა, ეს არის მასწავლებლის ანაზღაურების ზრდა, რომელიც ყოველწლიურად შემოდგომაზე 150 ლარით გაიზრდება და კატეგორიის მასწავლებლისთვის ეს პროცესი 2022 წლამდე გაგრძელდება“, – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

მიხეილ ბატიაშვილმა სასკოლო სახელმძღვანელოების განახლების, მათი გრიფირების და გაუმჯობესების საკითხებზეც ისაუბრა.
მინისტრობის კანდიდატი ცალკე შეეხო პროფესიული სასწავლებლების ხელშეწყობის საკითხს და განაცხადა, რომ მიმდინარეობს სამუშაოები, რათა რეგიონებში და მუნიციპალიტეტებში პროფესიული სასწავლებლები მათი საჭიროებებიდან გამომდინარე განთავსდეს. მიხეილ ბატიაშვილმა მეცნიერების ხელშეწყობის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ქართული მეცნიერება „ევრაქსესის“ წევრი გახდა, რაც ერთიან ევროპულ სივრცეში ქართული მეცნიერების ინტეგრირებას გულისხმობს. მინისტრობის კანდიდატმა სპორტის მიმართულებაზე საუბრისას განაცხადა, რომ სპორტული მიღწევებით თუ გასული წელი რეკორდული მაჩვენებლებით აღინიშნა, მიმდინარე წელს სპორტულ სახეობებში ბევრად მეტი მაჩვენებელია.

„მსოფლიოში არ მოიძებნება სხვა ასეთი პატარა ქვეყანა, რომელსაც ასეთი მაღალი სპორტული მიღწევები აქვს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა მთავარ პრიორიტეტია და ერთ-ერთ მთავარ მიზანს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. მინისტრობის კანდიდატმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მიმართულებით საჯარო და კერძო სექტორს შორის განსხვავებულ ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სამუშაოები, რათა მოხერხდეს მომსახურების საფასურების გათანაბრება, რაც გულისხმობს, იმას რომ არსებული განსხვავებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაიფარება.

„მსგავსი მიდგომა, მოკლე ვადაში, თანაბარუნარიანს გახდის სახელმწიფოს დაქვემდებარებულ დაწესებულებებს, ეს კი თავის მხრივ, მომსახურების ხარისხისა და სახელმწიფო ხარჯების მიზნობრივ ხარჯებს განაპირობებს“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრობის კანდიდატმა შრომის უსაფრთხოების და სოციალური მიმართულებით განხორციელებულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან და კერძო უწყებებთან აქტიური კომუნიკაცია არსებობს, რათა დასაქმებულებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო ჩამოყალიბდეს. მინისტრობის კანდიდატი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეკომიგრანტთა საცხოვრისი ფართებით უზრუნველყოფის საკითხებსაც შეეხო და ამ მიმართულებით დაგეგმილ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატების გამოსვლის შემდეგ, კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.
პარლამენტის წევრებმა კითხვა-პასუხის ფორმატში მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაციები მოისმინეს და გამომსვლელების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დადებითად შეაფასეს. სხდომის დასასრულს კომიტეტებმა ინდივიდუალური კენჭისყრით, მინისტრობის კანდიდატებს, კომიტეტების სახელით, მხარდაჭერა გამოუცხადეს.

Visited 61 times, 1 visit(s) today