9 თვის თავზე საგზაო დეპარტამენტს კარგი შედეგები აქვს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საქმეში, 2018-2019 წლებში გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში მოისმინა. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა. საკითხის მომხსენებელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე იყო. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთხით 1 302 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც თითქმის 3,5-ჯერ აღემატება 2012 წლის ბიუჯეტს, ხოლო წინა წლის ბიუჯეტთან მიმართებაში 8%-ით მეტია. შემდეგ მან კომიტეტისა წევრებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 9 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, დამტკიცებული გეგმა 783 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, დაზუსტებულმა გეგმამ 833,2 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო საკასო შესრულებამ – 843.6 მლნ ლარი. შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავდაპირველი დამტკიცებული გეგმა 108%-ით შესრულდა.

„აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 9 თვის განმავლობაში მიმდინარე პროექტების საერთო რაოდენობა 260 ობიექტია, რომელთა ჯამური საკონტრაქტო ღირებულება დაახლოებით 4,8 მილიარდი ლარია. მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების რაოდენობა 44-ია და ჯამური საკონტრაქტო ღირებულება დაახლოებით 4 მილიარდ ლარს შეადგენს“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 640 კმ. გზის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთების სამუშაოები, რაც 3-ჯერ მეტია 2018 წლის მთლიან მაჩვენებელზე. წელს დასრულდა შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტები: გამარჯვება-რუსთავის გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ვანი-სულორის გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ზუგდიდი-ანაკლიის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ნარაზენი-ხიბულას გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ოზურგეთი-ქობულეთის მიმართულებით გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებით არსებული გზის ცალკეული დაზიანებული მონაკვეთების პერიოდული შეკეთება, საერთო სიგრძით 26 კმ; ფოთი-ქობულეთის მიმართულებით გზის ცალკეული დაზიანებული მონაკვეთების პერიოდული შეკეთება, საერთო სიგრძით 25 კმ.

მომხსენებელმა ყურადღება დაუთმო ასევე იმ პროექტებს, რომელთა დასრულებაც წელს არის დაგეგმილი. მათ შორისაა: წალკა-აიაზმას გზის 16კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის დამაკავშირებელი 14,6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ხიდისთავი-ატენი-ბოშურის მიმართულებთ 10კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; გუმბათი-ხირსის გზის 8კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ჟინვალი-ბარისახოს მიმართულებით 17კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია; ცაგერის მუნიციპალიტეტში ხვამლის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან მისასვლელი არსებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სიგრიძთ 14კმ და სხვა.

ირაკლი ქარსელაძემ იმ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც 2020 წელს დასრულდება და ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

„გარდამტეხი პროგრესია მიღწეული ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, წლის ბოლოს დასრულდება 5,8 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო 2020 წლის ივლისში ხაშურს ექნება შემოვლითი 13 კმ-იანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა. ასევე, 2020 წელს დასრულდება სამტრედია-გრიგოლეთის მე-2, 18 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო მოძრაობა გაიხსნება 14 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც ყველაზე მჭიდროდ დასახლებული არეალის შემოვლის საშუალებას მოგვცემს,“ – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, 2020 წელს დასრულდება ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 200 მლნ ლარის ღირებულების მაგისტრალური, 41 კმ-იანი ახალი 2 ზოლის მშენებლობა, რაც ამ მიმართულებით ორმხრივ უასაფრთხო მოძრაობას უზრუნველყოფს და, ამასთანავე, ქალაქ ქუთასში მოძრაობას განტვირთავს. მომხსენებლის ინფორმაციით, 2020 წელს, საერთო ჯამში, დაგეგმილია 600 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. ამასთანავე, გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ხობში, ნინოწმინდაში, ლაგოდეხსა და სხვა ქალაქებში ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ჯამური ღირებულება 150 მილიონი ლარია. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ირაკლი ქარსელაძემ ამომწურავად უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს, რომლებიც ცალკეული პროექტების განხორციელებას ეხებოდა. ზოგადად, კი აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რომლებსაც საგზაო დეპარტამენტი ატარებს და ეს ვიზუალურადაც კარგად ჩანს, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით ქვეყნისათვის მართლაც უმნიშვნელოვანესი საქმე კეთდება, ვინაიდან საქართველო არის როგორც სატრანზიტო, ასევე ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანა.
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მის უწყებას, რეგიონების საჭიროებებიდან გამომდინარე, კომიტეტთან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს და ეს თანამშრომლობა მომავალშიც ამ რეჟიმში გაგრძელდება. ზაზა გაბუნიას განცხადებით, კომიტეტი ცნობად იღებს წარმოდგენილ ანგარიშს და იგი პარლამენტის ბიუროს წარედგინება. დღესვე, სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ წარადგინა და კომიტეტის წევრებს კანონპროექტის მიღების მიზნები გააცნო. მისი ინფორმაციით, ამ ცვლილებებით აღმოიფხვრება ის ბარიერი, რომელიც შესაძლოა შეექმნას ლიცენზიის მფლობელს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი საქმიანობის განხორციელებისას, ასევე, გადამუშავებისა და წარმოების ორგანიზაციის პროცესში. მომხსენებლის თქმით, კანონპროექტი დაარეგულირებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ან წიაღითსარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის შემდგომი გადამუშავებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, სახელმწიფო ქონების ( საუბარია არაუმეტეს 3 ჰა-მდე მიწის ფართობზე) ლიცენზიის მფლობელისათვის გადაცემის საკითხებს.
დასასრულ, კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.

Visited 58 times, 1 visit(s) today