ბიუროს სხდომაზე 17-20 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს წევრებს კენჭსაყრელი და განსახილველი საკითხები გააცნო და დეპუტატებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე ინფორმაცია მიაწოდა. ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ, რომლებიც სხვადასხვა კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელებას შეეხებოდა. ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის საარჩევნო სისტემაზე გუშინ მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობაზე განცხადება გააკეთა.
„ყველა პირობა, რაზეც ჩვენ შევთანხმდით, წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერენ დიალოგში მონაწილე პოლიტიკური პარტიები და შეთანხმების პირობები არის საჯარო. ვისაც ექნება კითხვები რას მოეწერა ხელი, ან დაავიწყდა რა წერია შეთანხმების პირობებში, ყველას ვურჩევდი, რომ გადაიკითხოს ეს დოკუმენტი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე განმარტებით, კონსენსუსის მისაღწევად და არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ სწორი ნაბიჯები გადადგა.
„ჩვენ, 2012 წლის შემდეგ გვაქვს დემოკრატიული და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ისტორია, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. საპარლამენტო არჩევნებიდან არჩევნებამდე მიღწეული პროგრესი და გაუმჯობესება ასახულია სადამკვირვებლო ანგარიშებშიც. ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება და უსაფრთხოების განმტკიცება შეუძლებელია დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების გარეშე – ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად გადავდგით ნაბიჯები და ვაჩვენეთ საზოგადოებას, ვაჩვენეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა მდგრადია და ჩვენ მზად ვართ დემოკრატიის შემდგომი გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების და უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია არის დემოკრატიული არჩევნები. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემა, თავისთავად ცალკე აღებული, ვერავისთვის ვერ იქნება გამარჯვების მომტანი: „გამარჯვების მთავარი პირობა არის საზოგადოების მხარდაჭერა და არა ცალკე აღებული სისტემა. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ყველა წინა არჩევნებში მაღალი მხარდაჭერა, და მე მინდა დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, და განსაკუთრებით, ჩვენი მხარდამჭერები, რომ 2020 წლის არჩევნებშიც „ქართული ოცნება“ განახლებული პროგრამით და გუნდით ისევ მიიღებს ხალხის მხარდაჭერას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.