გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენას საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ წარდგენას საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა. დეპუტატებმა კენჭი უყარეს პარლამენტის შესაბამის დადგენილების პროექტს და 91 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მიულოცა მას ასეთი მხარდაჭერა.

„ის საბოლოოდ იქნება საერთაშორისო სასამართლოს მიერ მოსამართლედ დამტკიცებული და სასიამოვნოა, როდესაც მისი კანდიდატურის გარშემო არსებობს ერთსულოვანი მხარდაჭერა. ის ნამდვილად იმსახურებს ამ მხარდაჭერას თავისი ქვეყნის პარლამენტის მხრიდან. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ გოჩა ლორთქიფანიძის მაღალ პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და განაცხადა, – „ეს არის ადამიანი, რომელიც უშიშრად, თავმდაბლად და ყოველგვარი ზედმეტი პომპეზურობის გარეშე მიდიოდა იმ რთულ სიტუაციაში, იმ სამწუხარო პერიოდის განმავლობაში, აფხაზეთის თემა მაქვს მხედველობაში, და მაღალი პროფესიონალური დონე გამოავლინა პირველი დიპლომატიური მისიების მუშაობაში მაშინ, როდესაც საქართველოს საკმაოდ ნაკლები გამოცდილება ჰქონდა საერთაშორისო ასპარეზზე. შესანიშნავი განათლება მიიღო, შესანიშნავი ოჯახი ჰყავს, და მე ვფიქრობ, რომ მაღალი დონის წარმომადგენელი გვეყოლება მისი სახით საერთაშორისო საგანგებო მნიშვნელობის დონეზე“.

წარმოდგენილ კანდიდატურას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ეკა ბესელიამაც, რომლის განცხადებითაც ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოს ჰყავდეს მოსამართლე. – „მე იმედი მაქვს, რომ ბატონი გოჩა წარმატებით გაივლის ყველა დანარჩენ პროცედურას და ეს პროცედურა დასრულდება ისე, რომ საქართველოს ეყოლება ღირსეული წარმომადგენელი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ინტერესებს გაატარებს სწორედ იმ სასამართლოში, რომელსაც აქვს განსაკუთრებული სტატუსი, მეც ვიცნობ მას, როგორც კარგ პროფესიონალს და წარმატებები მინდა ვუსურვო,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მესამე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა კანონპროექტები „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელთაც პარლამენტმა მოგვიანებით კენჭისყრით დაუჭირა მხარი.

Visited 72 times, 1 visit(s) today