პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებით 17-მა დეპუტატმა ისარგებლა, რომლებმაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე განცხადებები გააკეთეს.
მაკა ბოჭორიშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე : „ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებას ასოცირებული პარტნიორების მიმართ. აღსანიშნავია, რომ რეგიონში განვითარებული მოვლენები არის ევროკავშირის ყურადღების ცენტრში. ქვეყანაში არსებული პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, პარლამენტის ბოიკოტი, წარმოადგენს ევროკავშირის წუხილის საგანს. ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის მხრიდან რეგულარულად ისმოდა მოწოდებები ქვეყანაში ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის აუცილებლობის შესახებ და ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის თაობაზე. მიუხედავად ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მცდელობებისა, ვითარების განმუხტვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა და ქვეყანაში პოლარიზაციის დონე კიდევ უფრო გაიზარდა“.
მამუკა მდინარაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: „ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით, ოპოზიციასთან გუშინ საღამოს შედგა ძალიან კარგი და კონსტრუქციული საუბარი, რომელიც შეეხებოდა მოლაპარაკების ახალი ეტაპის გახსნას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას. მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება, მათი შემოსვლა პარლამენტში და 2024 წლამდე მონაწილეობა იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, ასევე პასუხისმგებლობის გაზიარება აღნიშნულ საკითხებზე. გუშინ ჩვენ ვნახეთ ამ შეხვედრიდან გამოსული ოპოზიცია, რომელიც ახმოვანებდა გარკვეულ მესიჯებს, თუმცა დღეს უკვე საზოგადოებამ გაიგო, რომ წარმოდგენილი იყო კომპილაციის შედეგად შექმნილი დოკუმენტი, სადაც მათ მიერ ისედაც მოლაპარაკებათა მაგიდაზე დადებული გარკვეული საკითხები იყო ჩაწერილი, თუმცა კონკრეტული შეთანხმება და, მით უმეტეს, ხელმოწერა რაიმე დოკუმენტზე ან საკითხზე, არ ყოფილა. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებათა ახალი ეტაპის გახსნაზე“.
ლევან იოსელიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: „თებერვალში ჩვენ გავაფორმეთ რეფერენდუმი „ქართულ ოცნებასთან“, რომლის მიხედვითაც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ შემოვიდოდით პარლამენტში, ხოლო თავის მხრივ ქართული ოცნება საფუძველს ჩაუყრიდა ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მომზადებას, რაც საბოლოოდ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყნაში არჩევნების მხრიდან შეცვლიდა ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულებას და არჩევნებს გაუჩენდა ნდობას. ჩემთვის დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ, რომ ჩვენ სამუშაო ჯგუფმა დავასრულეთ პრაქტიკულად იმ დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც დაინიცირდება და წარედგინება კომიტეტებს, სადაც რეალურად აბსოლუტურად გადააზრებულია როგორ უნდა ჩავატაროთ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები“.
ირაკლი ქადაგიშვილი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე: „ოპოზიციის რადიკალური ნაწილი სულ სხვა განვითარებას ელოდა, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აბსოლიტურად სხვა რეჟიმში გადაიყვანა ურთიერთობა, როცა თქვა, რომ არ შეიძლება არსებობდეს რადიკალური მოთხოვნები და შეიძლება არსებობდეს მხოლოდ დიალოგის ფორმატი“.
ფრიდონ ინჯია, პარლამენტის წევრი: „ბოლო 2 თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის იყო სუბსიდირება. იანვარ-თებერვალში ამინდი არ იყო ისეთ სუსხიანი თუმცა, სინოპტიკოსების პროგნოზით, მარტი იქნება საკმაოდ სუსხიანი. ჩვენ, პარტია „ევროპელი სოციალისტების“ სახელით გთხოვთ თქვენ, კოლეგებს განსახილველად მიმართოთ მთავრობას, რომ რადგანაც წინა თვეები იყო თბილი და არ იყო იმდენი ხარჯი, იქნებ ერთი თვით გავახანგრძლივოთ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება.“
შალვა პაპუაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – „გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი ოპონენტები ერთის მხრივ, გუშინდელი შეხვედრიდან გამოვიდნენ კონსტრუქციული მესიჯებით, თითქოს, და დღეს, ნაცვლად იმისა, რომ ასეთ პროცესებში იყვნენ ჩართული და ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ისინი აყენებენ, ამ საკითხში მიიღონ მათ მონაწილეობა, ნაცვლად ამისა, პარლამენტის შენობასთან საყვირებით მოვიდნენ და ამით გამოხატავდნენ სავარაუდოდ, დიალოგის იმ ფორმას, რომელიც მათთვის მისაღებია”.
ალექსანდრე ელისაშვილი, პარლამენტის წევრი: „სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების და უცხოელების გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ, კიდევ კარგი, რომ მთლად ერთმანეთის პირისპირ და ანაბარა არ ვართ მიტოვებული და გვეხმარებიან ამაში. სულ ვფიქრობ ხოლმე, იმ ავადსახსენებელ 90-იან წლებში ასეთი მეგობრები რომ გვყოლოდნენ, წარმოვიდგინოთ, როგორი ქვეყანა ვიქნებოდით დღეს. მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში და გულისტკივილით ვიტყვი, უბრალოდ, რომ დღეს რაც პარლამენტის გარშემო ხდება, ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც გუშინ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში”.
ბექა დავითულიანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე: „ჩვენ გვჭირდება კრიზისის ნაწილში გარკვეული გეგმის ჩვენება და კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუ როგორ ვაპირებთ, გადავარჩინოთ ეკონომიკა და მოსალოდნელ მძიმე შედეგებს გავუმკლავდეთ. ამავდროულად, გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვა. ინვესტიციების ნაწილში ენერგეტიკა არის უმსხვილესი სექტორი, რომელიც უცხოურ ინვესტიციებს იზიდავს საქართველოში და ნამახვან ჰესი ამ თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი პროექტია – 800 მლნ დოლარის ღირებულების. გარდა ამისა, ამ ნამახვან ჰესის პროექტის უკან დგას 80 ჰესის პროექტი ანუ ნამახვან ჰესზე თუ სწორი კომუნიკაცია არ მოვახდინეთ და სწორად არ მივიტანეთ მოსახლეობამდე, 80 სხვა პროექტი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელიც 3, 5 მლრდ დოლარის ღირებულებისაა. ამ ეკონომიკურ კრიზისში ეს იქნება არსებითად მნიშვნელოვანი. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ ნამახვან ჰესის ტიპის თანამდეროვე ტექნოლოგიებით აშენებული კაშხლები, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ქმნიდნენ პრობლემას. თუ უსაფრთხოების პრობლემას არ ვქმნით, თუ მოსახლეობას გარკვეული ბენეფიტები აქვს ფინანსური, მაშინ პრობლემა გვაქვს სულ რამდენიმე მიმართულებით: კომუნიკაციის და მეორე – ადგილობრივ მოსახლეობას შეიძლება ვერ ვანახებთ იმ პლუსებს, რასაც ისინი მიიღებენ“.
მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე: „საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც თბილისის მერიის ავტორობით შემუშავდა და რომლის განხილვასაც მიმდინარე კვირაში პარლამენტი იწყებს ე.წ. სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტია, რომელიც პასუხია იმ პრობლემებზე, რაც ათიათასობით თბილისელს ათწლეულობის განმავლობაში აწუხებს. ეს არის ექსპლუატაციაში ვერ მიღებული საცხოვრებელი სახლები, სადაც ადამიანებს უწევთ ცხოვრება და აქვთ რეალური პრობლემები, მათ შორის, იმ სერვისების ვერ მიღებასთან დაკავშირებით, რასაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში თბილისის მერია ასი პროცენტით აფინანსებს.“
ირაკლი ზარქუა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: „მინდა შევეხო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტს. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს ვიზიტი ჩანიშნული იყო ჯერ კიდევ გასულ წელს და მიუხედავად იმისა, რომ პანდემია მთელ მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით ევროპისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა, პრეზიდენტი მაინც ჩამოვიდა და არ გადადო შეხვედრა. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველო იყო, არის და მომავალშიც იქნება ევროპის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დღის წესრიგში“.
ავთანდილ ენუქიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: „სერიოზული სამუშაოები ჩატარდა და ძალინ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ის დოკუმენტი, რომლითაც შემდეგში არჩევნების კუთხით სხვადასხვა საკითხი უნდა გაუმჯობესდეს. ამიტომ ჩვენ ამ დოკუმენტს აბსოლიტურად ვუჭერთ მხარს. რაც შეეხება მეორე საკითხს – რადგან შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა და ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იქნებ მთავრობის წინაშე საკითხი დავაყენოთ, რადგან დედაქალაქიდან გასული ყველა მანქანა ვერ ასწრებს რეგიონებში ჩასვლას და ფაქტიურად, გახსნილი მოძრაობა ავტოსადგურებისთვის დახურულია. თხოვნა მექნება იქნებ შეიცვალოს რამე ამ კუთხით“.
ნინო წილოსანი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: – „დიდი ევროპული ოჯახის წევრობა გულისხმობს მათ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ მიღწევებთან ინტეგრირებას. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჩვენ გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, ინსტიტუციები, დემოკრატიის პრინციპები და ეკონომიკური შესაძლებლობები იმისთვის რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან . ამ გადმოსახედიდან ნათლად ჩანს რა უნდა გავაკეთოთ საბოლოო მიზნის მისაღწევად , ნათლად ჩანს ჩვენი მზაობა და იმის ფონზე, რომ ჩვენი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერას აღგვითქვამენ ამ პროცესის განმავლობაში. ასევე გარდაუვალია შედეგი რაც ჩვენს ევროპული ოჯახში წევრობას გულისხმობს.“
მიხეილ სარჯველაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: „ვფიქრობ, გადაჭარბებული იმედებს ვამყარებთ იმ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე, რომელიც გვაქვს. ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ უნდა გვქონდეს გათვლა, რომ ეს გამოიწვევს თუნდაც, იმ პრობლემების გადაჭრას, რომელსაც დღეს, ამ წუთას ვხედავთ ქუჩებში. სინამდვილეში, ეს არის ერთგვარი ახალი სინდრომი, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში, როდესაც რიგი ოპოზიციური პარტიები იმ პირობებში, როდესაც განიცდიან არგუმენტების უმწვავეს დეფიციტს, ცდილობენ, რომ საკუთარი მოთხოვნები, შეავსონ ხელოვნურად კრიზისების შექმნის გზით და ამ გზით შეიქმნან გარკვეული შესაძლებლობები საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. თუმცა, სამწუხაროა, რომ ამას ხშირ შემთხვევაში, ეწირება ჩვენი საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი ღირებულებები, როგორიც არის მაგალითად, წესრიგი და ჭეშმარიტება“.
კახა კახიშვილი, პარლამენტის წევრი: „მინდა მადლობა გადავუხადო საარჩვენი კოდექსში და საარჩევნო გარემოზე მომუშავე ჯგუფს, მაგრამ არის ცვლილებებში, რიგი საკითხები, რომელსაც მე სამწუხაროდ მხარს არ დავუჭერ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხები საერთოდ არანაირ კავშირშია საარჩევნო გარემოს გაუმჯობაზებაზე. ზოგიერთ საკითხზე ვსაუბრობ და არა ყველაზე. ეს არის რაღაც აბსტრაქციულად მოტანილი თემა, რომელზეც მე ვფიქრობ რომ გააზრებულიც არ არის. საკითხი ეხება მაჟორიტარების შეკვეცას საკრებულოებში, მე ვფიქრობ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ საარჩევნო ჯგუფის ფარგლებში იქნება არასწორი, ვფიქრობ რომ აუცილებელია ჩაერთნონ თვითმმართველობის ექსპერტები, რომლებიც შეაფასებენ ამ საკითხს. პარლამენტი და საკრებული მეტად განსხვავდება ერთმანეთისგან მისი ფუნქციებით და ამოცანებით ,შესაბამისად ის თუ პარლამენტში განხორციელდა ცვლილება და მაჟორიტარული ნაწილი შეიკვეცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ თვითმმართველობაში ეს შესაძლებელია“.
ალუდა ღუდუშაური, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: „ჩვენ მართლაც ისტორიული ფაქტის მომსწრენი ვართ, ეს ეხება ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს. ერთი გახლავთ საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფი და აღნიშნულთან დაკავშირებით გასატარებელი რეფორმა და მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხია არჩვენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხი. ორიოვე საკითხი ისტორიულია თავის მნიშვნელობიდან გამომდინარე. ჩვენ ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ ფაქტს, რომელიც არჩვენებთან დაკავშირებით ისეთ მაღალ პლატფორმას და საშუალებას მოგვცემდა, როგორიც არის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. თუმცა, ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტი მხარე სრულიად დესტრუქციულად, გაუაზრებლად, უარგუმენტოდ და უაპელაციოდ ორივე საკითხში მონაწილეობაზე აცხადეს უარს“.
ზაზა ლომინაძე, პარლამენტის წევრი: „მინდა გამოვეხმაურო 28 თებერვალს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამართულ აქციას. მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვაზე გაუცემელი პასუხი მოსახლეობისთვის. იმიტომ, რომ დღეს უკვე ვხედავთ რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც აიტაცეს ეს თემა და აპროტესტებენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რაც აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის. შთაბეჭდილება რჩება, რომ არა ინფორმირებულობა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ქუთაისის მოედანზე იყო ჩასული ჩვენი მოსახლეობა, რომლებიც უმნიშვნელოვანესი ჰესის, ნამახვარჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ“.
„მიმდინარე კვირას, დაგეგმილ “მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მოვუსმინოთ. თუკი იქნება კონსულტაციები, შესაძლებელია, პარასკევს, პლენარული სხდომის ან კომიტეტის ფორმატში სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ და მაღალი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხს მივანიჭოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
ბექა ოდიშარია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: „ჩვენ გარკვევით გვითხრა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირმა, რომ დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე, კარგად გავიგოთ ეს რას ნიშნავს, ანუ ისინი არა მხოლოდ შემოთავაზებებით, არამედ რეზულტატითაც იქნებიან დაინტერესებულები და თქვენ, ოპოზიცია თუ მობრძანდებით და პროცესში მიიღებთ მნიშვნელოვან მონაწილეობას, თქვენ დაიჭერთ რეზულტატს. ამიტომ, ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერებს, მინდა მოვუწოდო, რომ ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე და რეზულტატის მიღებაზე. ეს იქნება ნამდვილი პასუხი ევროპელი პარტნიორებისთვის. გარკვევით გვითხრეს, ნუ კი ჩხუბობთ, მიხვდით, რომ ერთმანეთზე მოქნეული ხელი ხვდება სახელმწიფოს“.
პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, პლენარული სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კოლეგებს, მესამე მოსმენით, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გააცნო. მანვე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე, „ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი წარმოადგინა.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვილმა კანონმდებლებს, მეორე მოსმენით, მუხლობრივად საკანონმდებლო ცვლილებების ვრცელი პაკეტი გააცნო. საკითხი შეეხებოდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციას, რომლის მიხედვითაც, ცვლილებების შემდეგ, სამინსტროს ბაზაზე ორი სახელმწიფო უწყება – ორი სამინისტრო შეიქმნება. აღნიშნული ცვლილების თანახმად, ცვლილებები შედის ასევე პარლამენტის რეგლამენტშიც, რომლის პროექტი კოლეგებს ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მეორე მოსმენით წარუდგინა. საკითხი შეეხება პარლამენტში ახალი კომიტეტის – კულტურის კომიტეტის შექმნას.
სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა პარლამენტის დადგენილების პროექტები: „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციასთან შეერთების შესახებ“ და „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ 1970 წლის 18 მარტის ჰააგის კონვენციასთან შეერთების შესახებ“ გააცნო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, კი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი მესამე მოსმენით წარმოადგინა.
„საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს შექმნის საკითხი შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალიან აღსანიშნავი მომენტი, ვინაიდან რეგლამენტის ფუნდამენტური რეფორმის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი პირველად, უახლეს ისტორიაში, ქმნის ეთიკის საბჭოს იმ სტანდარტით და ისე, როგორც დასავლეთის საპარლამენტო დემოკრატიაში და საპარლამენტო სისტემებში არის მოცემული. ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია მონაწილეობს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკითხის წარდგენისას.
მისივე თქმით, საბჭოს შემადგენლობა ბიურომ უკვე განიხილა და პლენარულ სხდომას წარუდგინა. რაც შეეხება საბჭოს წევრებს, მის შემადგენლობაში არიან კახა კახიშვილი, დავით სერგეენკო, მაია მენაღარიშვილი, ირაკლი ქადაგიშვილი, ავთანდილ ენუქიძე, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე. პლენარული სხდომა კომიტეტების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშით გაგრძელდა. ირაკლი ქადაგიშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საქმიანობის ანგარიში წარმოადგენდა და კომიტეტის გაწეული საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობაზე ანგარიში კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა წარმოადგინა. მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე და ღონისძიებებზე ისაუბრა და კომიტეტის პრიორიტეტულ მიდგომებსაც შეეხო. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ, განხილული კანონპროექტების და დადგენილების პროექტების კენჭისყრა გაიმართა.