დაპირებისამებრ დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი

ჩვენ, დაპირებისამებრ, დავიწყეთ წამლების გაიაფების პროცესი; გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ „ჯი-ემ-პის” სტანდარტის მაღალი ხარისხის წამლები შემოვიდოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, წამლები უკვე შემოსულია საქართველოში, ხელმისაწვდომია აფთიაქებში და იყიდება რამდენიმე დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი.

„ყველაზე მოთხოვნადი წამლები, მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტის ფასი თუ მანამდე იყო 220 ლარი, დღეს მისი ღირებულება არის 48 ლარი. უმეტეს შემთხვევაში, 60-80%-ით არის შემცირებული ფასები მედიკამენტებზე და როგორც მინიმუმ, განახევრებულია ფასები, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია. მინდა, მინისტრ ზურაბ აზარაშვილს მადლობა გადავუხადო, ძალიან აქტიურად იმუშავა, ამ პროცესში ჩართული იყო. დღეს იგი მიემგზავრება თურქეთში, თავის კოლეგას შეხვდება და კიდევ უფრო მეტ სარგებელს ჩამოიტანს. ამას გარდა, ათობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტზე არის უკვე სამინისტროში შეტანილი განაცხადები რეგისტრაციისთვის და ეს პროცესი დაჩქარდება, რათა კიდევ უფრო დროულად მოხდეს ყველა წამლის ჩანაცვლება და მოსახლეობას ჰქონდეს არჩევანი, უფრო იაფიანი წამლის შესაძენად. რაც მთავარია, თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნებოდა ხარისხი და ეს ხარისხი არის მიღწეული. ყველა ის წამალი, რომელიც შემოვიდა თურქეთიდან, იქნება და არის „ჯი-ემ-პის” სტანდარტის. ამჟამად, მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, იმისთვის, რომ ყველა ის წამალი, რომელიც იქნება ადგილზე, საქართველოში წარმოებული, ან შემოტანილი, იმპორტირებული, იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის. ამ პროცესს ჩვენ მაქსიმალურად გავაკონტროლებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Visited 57 times, 1 visit(s) today