„ეს პროექტი მუნიციპალიტეტებსა და სიპებში საზოგადოებრივ სამუშაოებს მოიცავს. მე თავად, ძალიან ხშირად ჩავდივარ და ადგილზე ვნახულობ, ვეცნობი მათ უშუალო საქმიანობას. შესაბამისად, სრულიად დარწმუნებული ვარ ამ ვაკანსიების საჭიროებაში“, – აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროგრამის მონაწილეები, მთელი საქართველოს მასშტაბით, სიპების, სატყეო სააგენტოს, დასუფთავების სამსახურის, სამღებრო თუ შენობების სადემონტაჟო სამუშაოებში არიან ჩართულები. თანაც, ამისთვის, დამატებით, 300-ლარიან ანაზღაურებას იღებენ.
„ამ პროექტით დასაქმებულები, მათი კვალიფიკაციის ფარგლებში, იმ სამუშაოებს ასრულებენ, რისი საჭიროებაც ნამდვილად არის. ბენეფიციარები სხვადასხვა საქმიანობაში მონაწილეობენ, რისთვისაც, ყოველთვიურად, 300-ლარიანი ანაზღაურება აქვთ. გარდა ამისა, 5 000-ზე მეტმა მოქალაქემ, უკვე მოახდინა საკუთარი საქმიანობის ლეგალიზება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროექტი, ერთობლიობაში, საინტერესო და მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა 2022 წლის გაზაფხულზე, პრემიერის ინიციატივით დაიწყო. პროექტი სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას ისახავს მიზნად.