ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2021 წლის ანგარიში მოისმინა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ 2021 წლის ანგარიში წარადგინა და კომიტეტის წევრებს უწყების ერთწლიანი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. მომხსენებელმა შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, საანგარიშო პერიოდში, მანდატის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებზე და დარღვევებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, სამსახური ზედამხედველობას ახორციელებდა შრომის უსაფრთხოებაზე, შრომით უფლებებზე, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლოატაციის პრევენციულ მიმართულებაზე, სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულებასა და შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის მართვის საკითხებზე.

„შარშან, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის შესაბამისად, მოვახდინეთ ინსპექტირება 1074 ობიექტზე. შრომის კოდექსის შესაბამისად, პირველადი ინსპექტირება განხორციელდა 327 ობიექტზე. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ღონისძიებების აღსრულების კუთხით შრომის ინსპექციის მიერ, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის, ასევე კრიმინალური პოლიციის შესაბამისი დეპარტამენტების ჩართულობით განხორციელდა 57 290 აქტივობა 12 778 ობიექტზე. აქტივობათა უმეტესობა მოიცავდა კონტროლისა და ზედამხედველობის სხვადასხვა სახეების გამოყენებას”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარმა შრომის ინსპექტორმა ყურადღება სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ საზოგადოებისათვის გამჭვირვალე, მაღალი რეპუტაციის მქონე, სანდო საზედამხედველო ინსტიტუტის შესაქმნელად, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, მნიშვნელობა ენიჭება შრომის ინსპექციის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობას. ​ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2021 წლის ანგარიში დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო.

Visited 38 times, 1 visit(s) today