ახალგაზრდებთან ერთად განვიხილეთ ევროპულ ინტეგრაციასთან, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან და საკანონმდებლო ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული საკითხები

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნატოს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა.

„მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტს ჰქონდეს შესაძლებლობა მივაწოდოთ ახალგაზრდებს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია პროგრესი რეკომენდაციის 12 პუნქტის შესრულებისა და ევროინტეგრაციის კუთხით“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს ევროპულ ინტეგრაციასთან, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან და საკანონმდებლო ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული საკითხები.

„მონაწილეებსაც აინტერესებდათ ეს დეტალები, თუ რა სირთულეები არსებობს ამ მიმართულებით და როგორ ვცდილობთ ერთი მხრივ ვითანამშრომლოთ პარლამენტში, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი კოლეგები, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება მნიშვნელოვანია ჩვენთვის და საქართველო იმსახურებს ამ სტატუსს, და ის სიკეთეებიც, რაც დაკავშირებულია ევროპულ ინტეგრაციასთან. თუ რას გულისხმობს ევროპა საქართველოსთვის, რას გულისხმობს ევროპული რეგულაციები. სტანდარტები, წესები, პრინციპები ქართული საზოგადოებისთვის, სად ვიქნებით ჩვენ მას შემდეგ, როდესაც ჩვენი კანონმდებლობის კიდევ მეტი ჰარმონიზება მოხდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ძალიან სასიამოვნო და მეგობრული კომუნიკაცია გვქონდა ამ საკითხებზე და მოხარული ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობები ჩნდება ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო იობაშვილი შეხვდა. შეხვედრა ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

Visited 40 times, 1 visit(s) today