ქ.ამბროლაურში ამფითეატრის მშენებლობის პროექტირება დასრულდა. პროექტის განხორციელების მიზნით მიმდინარეობს ფინანსური რესურსის მოძიება, რომლის შემდგომაც გურგენიძის ქუჩის მიმდებარედ, “ქვაბტკრის” ტერიტორიაზე ამფითეატრის მშენებლობა დაიგეგმება, რომელიც მომავალში რაჭის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ობიექტი გახდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საგამოფენო დარბაზის, სცენის, საპარკინგე სივრცისა და სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობა, ასევე მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ამფითეატრი ყოველწლიურად უმასპინძლებს სხვადასხვა ღონისძიებებს, ფესტივალებსა და გალა-კონცერტებს, რაც ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოელი ტურისტების ნაკადის ზრდას და მათთვის ხელსაყრელი გარემოს შეთავაზებას. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ტურიზმის სფეროს განვითარებასა და რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.