„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო. ​კანონპროექტით წესრიგდება საქონლისა და მომსახურების მითითებასა და კლასიფიკაციასთან, სასაქონლო ნიშნის დაყოფასთან, სასერტიფიკაციო ნიშანთან და მის დებულებასთან, ასევე, სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. ცვლილება ასევე შეეხება სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლებთან, სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენებასთან, სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში ცვლილებებთან, უფლებების გადაცემასთან, სასერტიფიკაციო ნიშანზე უფლებების დაცვასთან, სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებსა და რეგისტრირებულ კონფლიქტურ სასაქონლო ნიშნებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ​კანონს ემატება ახალი მუხლები და ახალი თავი, რომელიც დაარეგულირებს სასერტიფიკაციო ნიშნებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ცვლილება შეეხება სასაქონლო ნიშნის განმარტებას. კერძოდ, იმისათვის, რომ სასაქონლო ნიშანი წარდგენილი იყოს სარეგისტრაციოდ, სასაქონლო ნიშნის გრაფიკულად გამოსახვა აღარ იქნება სავალდებულო მოთხოვნა.
​ცვლილებების პროექტით გაზიარებული იქნება ევროკავშირის პრაქტიკა და სარეგისტრაციოდ სასაქონლო ნიშნის წარმოდგენა მხოლოდ ისეთი ფორმით იქნება სავალდებულო, რომ ნათლად და მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული რაც კომპეტენტურ უწყებებს და მომხმარებელს საშუალებას მისცემს ნათლად და ზუსტად განსაზღვროს დაცვის ობიექტი, რის მიმართაც განმცხადებელს სურს წარმოეშვას რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებები.

Visited 16 times, 1 visit(s) today