კატეგორიულად გამოვრიცხავ უნივერსიტეტში მისვლას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ამ პროცესს პოლიტიკური დატვირთვა მიეცეს.

„სტუდენტები ხშირად რადიკალურად და ემოციურად განწყობილნი არიან, სწორედ ამაშია მათი ხიბლი, ეს პოზიტიური მუხტის მატარებელია. ისინი თვლიან, რომ ყოველთვის მართლები არიან. სინამდვილეში სად, რომელ ჯგუფთან არის სიმართლე? – ახლა ამის დადგენა გამიჭირდება.
ზოგადად ეს არის შიდა საუნივერსიტეტო საქმე. ჩვენ შეგვიძლია კომენტარი გავაკეთოთ, მაგრამ იქ მისვლას და ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის შეძენის მცდელობას, კატეგორიულად გამოვრიცხავ. ჰყავთ რექტორი, აკადემიური საბჭო და მათ უნდა მოაგვარონ ეს პროცესები. მეც ვუერთდები ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პრემიერის თხოვნას. რადგან ამდენი ამბავი ერთ ადამიანზეა ატეხილი და ის ადამიანი წინა ხელისუფლების პერიოდში როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან მოვისმინე, თვითმმართველობის წევრი იყო, (თუ არ ვცდები) მაშინ თვითმმართველობა პირდაპირ „ნაციონალურ მოძრაობასთან” და რეჟიმთან იყო მიბმული. ამიტომ გონივრული გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, რომ უნივერსიტეტში სიმშვიდე იყოს, და სასწავლო პროცესი გაგრძელდეს. ვფიქრობ, ასეც მოხდება. უნივერსიტეტში გარკვეული თემები ნამდვილად დასალაგებელია და ალბათ, ამის გაკეთება რექტორს მოუწევს ” , – განაცხადა ქანთარიამ.

Visited 113 times, 1 visit(s) today