ნოდარ კერესელიძე SYMPA-ს წარმომადგენლებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ბელარუსის ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა სკოლის (SYMPA) წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს დეტალურად გააცნო აგრარულ დარგში მიმდინარე რეფორმები და სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები. ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე, სამინისტროს პრიორიტეტებზე, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ნოდარ კერესელიძემ SYMPA-ს წარმომადგენლების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბელარუსმა სტუმრებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოში განთავსებული ღვინის მუზეუმი, ენოთეკა და მარანი დაათვალიერეს.
SYMPA 2008 წელს შვედეთის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის (SIPU) მხარდაჭერით დაარსდა. სკოლა აქტიურად თანამშრომლობს ბელარუსის, საქართველოს, ლიტვის, უკრაინის და შვედეთის სხვადასხვა მიმართულების ექსპერტებთან, პოლიტოლოგებთან, სოციოლოგებთან, ჟურნალისტებთან და ეკონომისტებთან. ბელარუსის სახელმწიფო მოხელეთა სკოლის მიზანია გადაამზადოს ახალგაზრდა საჯარო მოხელეები, რათა მომავალში მათ უზრუნველყონ ეფექტიანი მმართველობის ჩამოყალიბება ბელარუსში.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით ბელარუსი საჯარო მოხელეები გაეცნობიან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საჯარო სექტორში განხორციელებულ რეფორმებს და მიღწეულ წარმატებებს.

Visited 194 times, 1 visit(s) today