თბილისის მერი დავით ნარმანია „საგზაო უსაფრთხოების კონფერენციას“ დაესწრო. ღონისძიება გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. დავით ნარმანიამ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც თბილისის მერია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ახორციელებს.
,,თბილისის მერია საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად მუშაობს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, საგზაო ინფრასტრუქტურა უფრო მეტად გამართული იყოს. ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ, როგორც არსებული გზების მოწესრიგების, ასევე ახალი გზების გაყვანის თვალსაზრისით. ერთიანი სატრანსპორტო სისტემის მართვის მოდელის ფარგლებში ვახდენთ შუქნიშნების სისტემის მოწესრიგებას. მნიშვნელოვანია მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოები, ვგულისხმობ მეტროს მოდერნიზაციას, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მეტროსადგურის მშენებლობას, ასევე მუნიციპალური ავტობუსების ჩანაცვლების პროექტს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, რაც აუცილებლად მოგვცემს შედეგს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ღონისძიება სასტუმრო “თბილისი რუმსში” ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და გაერო-ს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით „გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების ათწლეულის 2011-2020“ ფარგლებში გაიმართა. საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა 2011-2020 წლებისთვის გაერო-მ 2010 წელს გამოაცხადა და მოუწოდა ქვეყნებს ამ პერიოდის განმავლობაში გაანახევრონ საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა, შეიმუშაონ მოქმედების გეგმა და გაატარონ პრევენციული ზომები, რათა 2020 წლისათვის 50%-ით შემცირდეს სიკვდილიანობა გზებზე.
კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის მერთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს.