მივესალმები პრემიერის კონსტრუქციულ დამოკიდებულებას, თუმცა საბოლოო პოზიცია შეიძლება გვქონდეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის შენიშვნებს გავეცნობით, – ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ვერ შეაფასებს პრეზიდენტის გადაწყვეტილების მართებულობას „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადების თაობაზე მანამ, სანამ მის მოტივირებულ შენიშვნებს არ გაეცნობა.
ქუცნაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის რამდენიმე დღის წინ შეხვედრა შედგა და გიორგი კვირიკაშვილი, შესაძლოა, გაეცნო პრეზიდენტისგან აღნიშნული შენიშვნების შინაარსს.
„მივესალმები პრემიერის კონსტრუქციულ პოზიციას. ის უფრო ინფორმირებულია, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტთან ჰქონდა შეხვედრა. აქედან გამომდინარე, მივესალმები პრემიერის კონსტრუქციულ პოზიციას, თუმცა საბოლოო პოზიცია პარლამენტის წევრს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა პრეზიდენტის შენიშვნების ტექსტი გადმოიგზავნება პარლამენტში და ჩვენ მოგვეცემა მისი წაკითხვის საშუალება“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.