ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ნოდარ დუმბაძის დაბადების დღე საზეიმოდ აღინიშნა.
ღონისძიებას მწერლის ოჯახის წევრები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელოვნების სფეროს ცნობილი სახეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
„ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში დღეს ჩოხატაურში მწერლის იუბილე ავღნიშნეთ. გაიმართა ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი და თეატრში საკმაოდ კარგი სპექტაკლის ჩვენებაც მოეწყო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს სამი ბუმბერაზი ადამიანის – ნოდარ დუმბაძის, ვაჟა ფშაველას და ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა და ვულოცავ სრულიად საქართველოს,“-აღნიშნა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ.
სახლ-მუზეუმის შემდეგ, სტუმრებმა ჩოხატაურის ცენტრში დუმბაძის სკვერში გადაინაცვლეს, სადაც მწერლის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. სტუმრებმა ასევე, დაათვალიერეს თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეა და კულტურის სახლის მშენებლობა მოინახულეს.
ნოდარ დუმბაძის საიუბილეო საღამო კინოთეატრ „გურიაში“ სპექტაკლის „სისხლის ძახილი“-ს ჩვენებით დასრულდა.