20 ივლისს ქარბორბალამ, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სოფელ აკაურთაში, ტანძიასა და დისველში 20-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა. განადგურდა მიწის სავარგულები, ხეხილი და ვენახი. დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელ ძველ ქვეშსა და ტანძიაში. სოფელ დისველში კი ადგილობრივების 50 ჰა მარცვლეული კულტურა მთლიანად არის განადგურებული. მოსახლეობას ნათესები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეული არ ჰქონდა.
დაზარალებული მოსახლეობა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა პირველ მოადგილესთან ერთად მოინახულა და არსებული მდგომარეობა პირადად დაათვალიერა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2016 წელს სტიქიური მოვლენების შედეგების შესწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფი“ . მოქალაქეების განცხადების საფუძველზე სამუშაო ჯგუფი ყველა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას შეისწავლის, რის შემდეგაც მოხდება დაზარალებული მოსახლეობისთვის მატერიალური დახმარების გაწევა.
,,გუშინდელი სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად დაზარალდა 4 სოფელი. დაახლოებით 20-მდე ოჯახის საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი, ასევე დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურაც. მუნიციპალიტეტში მოქმედებს სამუშაო ჯგუფი, რომელიც შესაბამის შემფასებელ აუდიტთან ერთად დაითვლის ზარალს და ჩვენი მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ყველა დაზარალებულს ავუნაზღაურებთ მიყენებულ ზიანს.
სამწუხაროდ ჩვენი მუნიციპალური პროგრამა არ ითვალისწინებს განადგურებული მოსავლის ზარალის ანაზღაურებას. ამ შემთხვევაში ალბათ დროა ჩამოყალიბდეს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი მოსავლის დაზღვევის კულტურა. იცით, რომ უკვე რამდენიმე წელია სახელმწიფო დაფინანსებით მუშაობს საკმაოდ ეფექტური პროგრამა და ყველა ის მოქალაქე, რომელსაც დაზღვეული ჰქონდა საკუთარი მოსავალი, მიიღებს შესაბამის ანაზღაურებას“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.