18 და 20 ოქტომბერს, თბილისში, იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ორ კონცერტს გამართავს. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობისა და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნება.
კონცერტები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. სიმფონიურ ორკესტრს ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს, სოლისტი კი პიანისტი ალექსანდრე თორაძე იქნება.
თბილისში იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ვიზიტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი დავით ნარმანია, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი ესწრებოდნენ.
„დარწმუნებული ვარ, მუსიკის მოყვარულებს, ძალიან საინტერესო საღამოებს ვაჩუქებთ. ასეთი მასშტაბის უცხოური სიმფონიური ორკესტრს, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ჩვენს ქვეყანაში არ დაუკრავს. სწორედ ამიტომ, პირველსავე შემოთავაზებაზე გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა ამ პროექტისთვის. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ თბილისს რეგიონში კულტურულ ცენტრად ვაქცევდით. 18 და 20 ოქტომბრის კონცერტები, ერთ-ერთი იმ პროექტთაგანია, რომლებიც ამ მიმართულებით ხორციელდება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
კონცერტები თბილისის მერიისა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.
იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი პირველი უცხოური სიმფონიური ორკესტრია, რომელიც, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის განმავლობაში, 1991 წლის შემდეგ, თბილისში კონცერტებს გამართავს.