გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმი

02/11/2016

თბილისში ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) “გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მე-9 პლენარული სესია” გაიხსნა. გლობალური ფორუმის პლენარული სესია საგადასახადო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის შეხვედრაა, რომელშიც ფორუმის წევრი 100-მდე სახელმწიფოსა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250-მდე დელეგატი მონაწილეობს. სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) “გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის” თავმჯდომარემ, კოსი ლოუმ მიმართა. ფორუმზე სიტყვით წარსდგა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. „დღეს, ჩვენ OECD-თან თანამშრომლობით ვატარებთ გლობალური ფორუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას საგადასახადო კუთხით. პრაქტიკულად ამ ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია არის ჩამოსული. ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები, მათ შორის, ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას (FATCA) ამ მიმართულებით შეერთებულ შტატებთან და ვმუშაობთ იმისთვის, რომ საგადასახადო სისტემა უფრო გამჭვირვალე იყოს და მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ის პირობები, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს აქვთ“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. გლობალური ფორუმის პლენარული სესიის საქართველოში ჩატარება, იმ ძალისხმევის აღიარებაა, რომელიც ქვეყანამ საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში განახორციელა. საქართველო გლობალურ ფორუმში გაწევრიანებულია 2011 წლიდან. ქვეყანამ წარმატებით გაიარა გლობალური ფორუმის შეფასების ორივე ფაზა. გლობალური ფორუმის შეფასებით, საქართველოს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, ასევე, ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა, სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ კუთხით, საიმედო პარტნიორი ქვეყანაა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, საქართველო რეგიონის ერთ-ერთი სამაგალითო და ლიდერი სახელმწიფოა. ასეთი მასშტაბური ღონისძიების საქართველოში ჩატარება, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მიმზიდველი ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული პოტენციალის მქონე ქვეყნის, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირებას. პლენარული სესია მუშაობას 4 ნოემბერს დაასრულებს. სესიის მიმდინარეობისას კომპეტენტურ უწყებთა (საუდის არაბეთი – ურუგვაი) მრავალმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0