საქართველოს მთავარ პროკურატურაში, პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე ,,წამების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით“. სასწავლო კურსი საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის საერთო პროექტის ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება საქართველოში და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ტრენინგის ფარგლებში განიხილებოდა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოქმედების სფერო და ამ მუხლის განმარტებები, არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციის პრობლემა, წამების აკრძალვის კომიტეტის (CPT) სტანდარტები და ა.შ. ამასთანავე, მონაწილეები აღნიშნულ თემებზე გაეცნენ ევროსასამართლოს მიერ დანერგილ პრაქტიკასა და მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს. სასწავლო პროცესს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უძღვებოდნენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების თემებზე პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლებისთვის ტრენინგები ინტენსიურად მიმდინარეობს. სწავლება მიზნად ისახავს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გაცნობასა და არსებული საერთაშორისო სტანდარტების ქართულ პრაქტიკაში დანერგვას.