წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია გრძელდება

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III და IV ფაზების ფარგლებში გრძელდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია.
სამუშაოები, ძირითადად, ე.წ. ჭაობის დასახლების, ბონი-გოროდიკისა და ბარცხანის მიწისქვეშა სისტემების მოწესრიგებას ისახავს მიზნად.
ბოლო თვეების განმავლობაში უკვე ჩატარდა რამდენიმე ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს: ლერმონტოვის, დემეტრე თავდადებულის, ბაგრატიონის, გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩებზე.
ლერმონტოვის, დემეტრე თავდადებულისა და თაყაიშვილის (გიორგი ბრწყინვალესა და ბაგრატიონის ქუჩებს შორის მონაკვეთებში) ქუჩებზე წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიწისქვეშა სამუშაოები დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება ქუჩების კეთილმოწყობა – გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაგება და ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთება.
გოგოლის ქუჩაზე, ბაგრატიონისა და ვოლსკის ქუჩებს შორის, და მაიაკოვსკის ქუჩაზე, დადიანისა და გოგოლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში ასევე ხორციელდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვე სისტემების სრული რეაბილიტაცია.
პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა და შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა ზურაბ ბერიძის ქუჩაზე, სადაც მოწესრიგდა წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვე სისტემები. გზის სავალ ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა, ტროტუარები კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

Visited 179 times, 1 visit(s) today