მორიგი უფასო სამედიცინო აქცია ქვემო ქართლის რეგიონის მცხოვრებლებისთვის ქვემო ქართლის რეგიონში, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მორიგი სამედიცინო აქცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულების − „კლინიკა ვაკეში“ − პერსონალი უფასოდ მოემსახურება. 4 დეკემბერს უფასო სამედიცინო გამოკვლევები მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. დღის განმავლობაში მიმდინარე სოციალურ-ჰუმანიტარული აქციით სოფლების − ყიზილაჯლოს, წერეთლის, თამარისისა და ქალაქ მარნეულის მცხოვრებლებმა ისარგებლეს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მედიკოსებსა და მათ პაციენტებს გაესაუბრა. აქციაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. მოსახლეობას უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს სთავაზობდნენ შემდეგი მიმართულების სპეციალისტები: თერაპევტი, კარდიოლოგი (კარდიოგრაფიის აპარატით), ოფთალმოლოგი, ქირურგი, მეან-გინეკოლოგი, ნევროპათოლოგი, ანგიოლოგი, უროლოგი, მამოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ინვიტრო განაყოფიერების, ტრავმატოლოგი, ენდოკრინოლოგი და ექოსკოპისტი. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მხარდაჭერით აღნიშნული აქციით სარგებლობას, ეტაპობრივად, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეძლებს.