ვიქტორ დოლიძე ლიტვის საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა

6 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო დავალებათა ელჩს იონას პასლაუსკასს შეხვდა. ლიტვის საგანგებო დავალებათა ელჩმა ვიქტორ დოლიძეს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა იმ მიმართულებებზე, რომელსაც საგანგებო დავალებათა ელჩის რანგში კურირებს იონას პასლაუსკასი, მათ შორის: საქართველოსთვის დახმარების პროგრამების ხელშეწყობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ორმხრივი ურთიერთობები მეშვეობით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს კიდევ უფრო პოპულარიზაცია და ასევე, უვიზო მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილების დაჩქარების ხელშეწყობა. როგორც ელჩმა შეხვედრაზე განაცხადა, კარგად იცნობს საქართველოს და განსაკუთრებული სენტიმენტები გააჩნია მისი მომავალი დახმარების თვალსაზრისით.

Visited 150 times, 1 visit(s) today