დაგეგმილი რეფორმების მთავარი ამოცანა იქნება უფრო საჭიროებებზე მიმართული სამედიცინო დახმარება

დაგეგმილი რეფორმების მთავარი ლეიტმოტივი და ამოცანა იქნება უფრო საჭიროებებზე მიმართული სამედიცინო დახმარება და უფრო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, – ამის შესახებ დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ამ კუთხით ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული აქვს რეფორმების მთელი პაკეტი.

„დღეს პრემიერ-მინისტრმა ერთგვარი მოკლე შეჯამება გააკეთა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. გამოიყო ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები. ცალსახად იქნა შეჯამებული, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო მოსახლეობის სამედიცინო დახმარებაზე მიწვდომადობის გაუმჯობესების მხრივ და ეს მართლაც ასე არის. გაორმაგდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც ექიმთან მისვლა შეძლო. თუმცა სისტემას ყოველთვის აქვს თავისი გამოწვევები. პრემიერმა დღეს მოკლედ აღნიშნა იმ ძირითადი, დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რომლის მთავარი ლეიტმოტივი და ამოცანა იქნება უფრო საჭიროებებზე მიმართული სამედიცინო დახმარება, უფრო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. სამინისტროს მომზადებული აქვს ამ მხრივ რეფორმების მთელი პაკეტი. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დადგომისთანავე, ამ რეფორმების განხორციელება დაიწყება. მჯერა, რომ ეს ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პირველი ეტაპი“, – განაცხადა სერგეენკომ.

Visited 162 times, 1 visit(s) today