ჩვენ ვაპირებთ შევწყვიტოთ დიპლომიანი უმუშევრების გენერირება და გვინდა დასაქმებაზე ძირითადი აქცენტი, – ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ უმაღლეს სასაწავლებლებში გრანტის მიღების წესის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, გრანტებთან დაკავშირებით შესაბამისი სქემის წარდგენა საჯარო განხილვისთვის 2 თვეში მოხდება. მინისტრი ფიქრობს, რომ გრანტის შედეგზე მიბმულობა კარგი აზრია, თუმცა იქვე დასძენს, რომ ეს ყველაფერი სპეციალისტების გადასაწყვეტია.
„ჩვენ ორ თვეში საჯარო განხილვისთვის წარვადგენთ ახალ სქემას. ამ სქემაში რა ცვლილებები იქნება, 2 თვეში გავიგებთ. ვფიქრობ, რომ გრანტის შედეგზე მიბმულობა კარგია აზრია, თუმცა ეს სპეციალისტების გადასაწყვეტია. ამ ეტაპზე ვიცით, რომ ახლანდელი სისტემა არ შეესაბამება შედეგს. მაგალითად, შემიძლია მოვემზადო კარგ რეპეტიტორთან, ოჯახმა მოახდინოს ამაში ინვესტიცია, მივიღო გრანტი, მერე საერთოდ შევწყვიტო აკადემიური აქტივობა და ეს გრანტი ბედნიერად გამყვება უმაღლესი განათლების დასრულებამდე. მგონია, რომ ეს ეფექტური არ არის. დღესაც აღნიშნა პრემიერმა, რომ ჩვენ ვაპირებთ შევწყვიტოთ დიპლომიანი უმუშევრების გენერირება და გვინდა დასაქმებაზე ძირითადი აქცენტი. ერთ წელიწადში ძალიან რადიკალურად ვერ შეიცვლება სიტუაცია, მაგრამ უკვე უკეთესი შედეგები გვექნება ამ მიმართულებით. უმაღლეს სასწავლებლებთან ვმუშაობთ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.