საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა. მეორე ტურის მეორე კენჭისყრით, მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა, ხოლო თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურას – ორმა.
ვასილ მაღლაფერიძე 2014 წლიდან 2016 წლის 31 აგვისტომდე იყო შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის გადაცემა „2030“-ის გენერალური პროდიუსერი. 2012 წელს ტელეკომპანია „მე-9 არხის“ დირექტორის მოადგილე და გადაცემა „კონსილიუმის“ წამყვანი. 2010-2012 წლებში კი ელექტრონულ ჟურნალ „კალმასობის“ მთავარი რედაქტორი, 2008-2009 წლებში ვასილ მაღლაფერიძე იყო სახალხო დამცველის აპარატში ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. ამასთან, 2005-2008 წლებში ის იყო სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტები). ასევე ის იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004 და 2004-2005 წლების).

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კონკურსის მსურველთა განცხადებების მიღება 2016 წლის 28 დეკემბერს დასრულდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის ღია კონკურსის მეორე ტურში 14-დან 5 კანდიდატი გადავიდა: თინათინ ბერძენიშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ვასილ მაღლაფერიძე, ნათია კუპრაშვილი და ნინო ზაუტაშვილი.

Visited 251 times, 1 visit(s) today