პრეზიდენტის შენიშვნების უმეტესობა პირდაპირ იზიარებს ვენეციის კომისიის პოზიციას

სიურპრიზი არაფერია. შენიშვნების უმეტესობა პირდაპირ იზიარებს ვენეციის კომისიის პოზიციას, ამიტომ ეს მოულოდნელი არ შეიძლება იყოს ვინმესთვის, – ამის შესახებ ანა დოლიძემ, სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებისა და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოსთვის ცნობილი იყო პრეზიდენტის პოზიციები პრობლემატურ საკითხებზე. მისივე თქმით, მოტივირებული შენიშვნების დიდი ნაწილი იმ ცვლილებებს ეხება, რომელიც კანონპროექტმა მესამე მოსმენისას განიცადა.

”ძალიან ბევრჯერ იყო საუბარი პრეზიდენტის ამ პოზიციებზე პარლამენტში. ჩვენ მუდმივად ვაპელირებდით ამ საკითხებზე, მათ შორის პრეზიდენტის გამოსვლაში იყო საუბარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესზე. რაღაც თემები სხვათაშორის ბოლო მოსმენის დროს შეიცვალა. მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა იყო კანონპროექტში ბოლო მომენტამდე და აქედან გამომდინარე, შენიშვნის გამოთქმაც არ იყო საჭირო. ბოლო მოსმენისას კი ეს შიეცვალა და ამიტომ გახდა ამ საკითხზე საჭირო შენიშვნის გამოთქმა. ვენეციის კომისიას ჰგონია, რომ სასამართლოების თავმჯდომარეები არჩევითები არიან”, – განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი შენიშვნა ეხება მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის გაუქმებას, რაზეც დოლიძის თქმით, რეკომენდაციები ვენეციის კომისიასაც ჰქონდა.

”ვენეციის კომისიას არაერთხელ უთქვამს, რომ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის შენარჩუნება არ შეიძლება და ჩვენ ვფიქრობთ, ამ კანონის ძალაში შესვლიდან კონკურსის საფუძველზე შერჩეული მოსამართლეები დაინიშნონ უვადოდ”, – განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება მოსაზრებებებს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის ვეტომ შესაძლოა სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის განხორციელება გააჭიანუროს, ანა დოლიძე ამ პოზიციებს არ იზიარებს.

”ეს კანონპროექტი მეორე მოსმენით საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის გაზაფხულზე მიიღო, მესამე მოსმენით კი ახალი მოწვევის პარლამენტმა მიიღო დეკემბრის ბოლოს. სად გადაიწია ამ რეფორმამ და სად მოხდა დროის გაყვანა, ამის მიხედვით დაასკვნას ყველამ. რაც შეეხება საქმეთა ელექტრონული წესით განაწილებას, ეს სიახლე ძალაში შედის 2017 წლის დეკემბრიდან და აქედან გამომდინარე, არავითარი არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ დრო იწელება, რადგან ტექნიკურ საკითხებზე მუშაობა ჩვეულებრივად გრძელდება”, – განაცხადა დოლიძემ.

Visited 103 times, 1 visit(s) today