საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო ჯგუფი მუშაობას აგრძელებს

საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა, განსახილველი საკითხების სიმრავლის გამო, დამატებითი შეხვედრა გამართა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომის დასაწყისში განმარტა, პირველი შეხვედრისას სამუშაო ჯგუფმა საკითხების დაახლოებით ნახევარი უკვე განიხილა და ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების მეორე თავის 19-ე მუხლზე გაჩერდა. სხდომის დასაწყისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი მისი ორგანიზაციის მიერ მომზადებული შენიშვნების სამუშაო ჯგუფში განხილვის საკითხით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციამ საკონსტიტუციო კომისიას სოციალურ უფლებებთან და ადეკვატური საცხოვრისის უფლების განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებები წარუდგინა, თუმცა მათი ასახვა არც ერთ მოქმედ მუხლში შესაძლებელი არ არის. შესაბამისად, ორგანიზაციის წარმომადგენელი კონსტიტუციაში ახალი მუხლის გაჩენის შესაძლებლობის საკითხით და განხილვის პროცედურებით დაინტერესდა. აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მეორე თავის მუხლობრივად განხილვის დასრულებამდე სამუშაო ჯგუფი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებულ შენიშვნებს ცალკე მიუბრუნდება და მოისმენს ყველა იმ წინადადებას, რაც უკვე განხილულ მუხლებში არ იქნება წარმოდგენილი. საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მუხლობრივი განხილვები მეორე თავის მე-20 მუხლიდან გააგრძელა. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრები ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა, ადამიანის საკუთრების უფლებრივი მდგომარეობის და თანასწორობის, საგანმანათლებლო და კულტურის განვითარების და საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საკითხებს განიხილავენ. სამუშაო ჯგუფის სხდომას პარლამენტის წევრები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.

Visited 161 times, 1 visit(s) today