დავით ნარმანია მოსაწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში პროექტის „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ პრეზენტაციას დაესწრო

04/05/2017

თბილისის მერი დავით ნარმანია მოსაწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში პროექტის „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ პრეზენტაციას დაესწრო. „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“, თბილისის მერიისა და პრეზიდენტის ფონდის ერთობლივი პროექტია.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ ელექტრონული და ხმოვანი წიგნები სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.
„ქალაქი – ბიბლიოთეკა“ ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს ქალაქში განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდებიდან, მათზე დაბეჭდილი QR კოდის მეშვეობით, უფასოდ ჩამოტვირთონ „საბას“ ელექტრონული წიგნები ელექტრონულ მოწყობილობებში.
ჩვენ პროექტის განხორციელება ქართველი მწერლების სახელობის ქუჩებით დავიწყეთ და ამ ეტაპზე, 50-მდე მწერლის სახელობის ქუჩაზე, მათი ნაწარმოებების ელექტრონული ბიბლიოთეკები უკვე განთავსებულია. ორიგინალური კონსტრუქციების მონტაჟი დასრულებულია ქალაქში არსებულ 12 სკვერშიც, შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ უფასოდ ჩამოტვირთონ და წაიკითხონ წიგნები ზემოაღნიშნულ ლოკაციებზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
პროექტის განხორციელება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. დღეისათვის, თბილისში, მწერლების სახელობის 50 ქუჩაზე, სახლ-მუზეუმებთან, პარკებში, სკვერებში უკვე განთავსებულია უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები. მალე ელექტრონული წიგნები თბილისის მეტროპოლიტენშიც გახდება ხელმისწვდომი. „ქალაქი-ბიბლიოთეკა“, ჯამში, 300-მდე ელექტრონული წიგნის საჩუქრად მიღების შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს.
ელექტრონული ბიბლიოთეკის ორიგინალური სტენდების დიზაინის ავტორია არქიტექტორი ზურაბ ჩოჩია, რომლის ნამუშევარი სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩა.
ამ სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა, სმარტფონში ჩამოწეროთ უფასო აპლიკაცია Saba Reader და, მასში არსებულ QR ღილაკზე დაჭერით, დაასკანეროთ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე დატანილი QR კოდი. სასურველი წიგნი 1 წამში თქვენს პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება და მის წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებთ.
ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც 2012 წელს თიბისი ბანკის ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა, 4 000-მდე ელექტრონულ და ხმოვან წიგნს მოიცავს – თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებს, უცხოურ და ქართულ ბესტსელერებს, საბავშვო წიგნებს და ა.შ. მათი შეძენა შესაძლებელია saba.com.ge-ზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0