შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში 2017 წლის 15 ივნისს, შეტყობინების საფუძველზე, მოქალაქე გ.რ.-ს ოჯახის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა მ.ჯ.-მ, რომელიც, დაახლოებით, სამი წელია, გორში მოქალაქე გ.რ.-ს ოჯახში ძიძად მუშაობს, აღნიშნული ოჯახიდან, რამდენიმე თვის წინ, ფარულად წამოიღო ოქროს ნივთები. როგორც მან დაკითხვისას აღიარა, საძინებელ ოთახში მდგარი ტანსაცმლის კარადიდან გადმოიღო ჩანთა, სადაც მოთავსებული იყო ოქროს ნივთები, მათი ნაწილი ჩანთიდან ამოიღო, ხოლო დანარჩენი – კარადის თავზე დამალა. ბინიდან წამოღებული ოქროს ნივთები მ.ჯ.-მ ლომბარდში ჩააბარა. იმის გამო, რომ ლომბარდიდან ოქროს ნივთების გამოხსნა ვერ შეძლო, ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო.
2017 წლის 15 ივნისს, დაახლოებით, 16:00 საათზე, მ.ჯ.-მ საძინებელ ოთახსა და ლოჯიაში მდგარი კარადებიდან იატაკზე გადმოყარა ტანსაცმელი და სხვა ნივთები, შემოსასვლელ კართან კი ოქროს სამკაულის შესანახი ნაჭრის პატარა ტომრები დაყარა. შემდეგ მისაღები ოთახის კედელს თავი დაარტყა, რა დროსაც შუბლის არეში დაზიანება მიიყენა, საძინებელ ოთახში გავიდა, იატაკზე, ბავშვების საწოლთან დაჯდა და ოჯახის დიასახლისის მოსვლას დაელოდა. სახლში დაბრუნებულ დიასახლისს მ.ჯ.-მ მოატყუა, თითქოს თავს ყაჩაღები დაესხნენ.
შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში აღნიშნულ ფაქტზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მ.ჯ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. უახლოეს პერიოდში, საქმეზე მოხდება კვალიფიკაციის შეცვლა შესაბამისი მუხლით.
გორის მერის მოადგილის, გოგა რაზმაძის ოჯახზე ყაჩაღობის ინსცენირება, რაზმაძის შვილების ძიძამ მოაწყო
16/06/2017