„AGILE SPIRIT 2016“-ის დაგეგმვის კონფერენცია

13/07/2016

ბორჯომში, სასტუმრო „ქრაუნ პლაზაში“ საერთაშორისო სწავლება „AGILE SPIRIT 2016“-ის საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ გახსნა, რომელიც იმავდროულად სწავლების ხელმძღვანელია. მან კონფერენციის ქართველ და უცხოელ მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენციის ფარგლებში განხილული საკითხები და განხორციელებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს დაგეგმილი სწავლების წარმატებულად და მაღალხარისხიანად ჩატარებას.
პირველ სამუშაო დღეს კონფერენცია სხვადასხვა პროფილის მიხედვით დაყოფილ სინდიკატებში წარიმართა. დღის ბოლოს შედეგები შეჯამდა და ორი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფები ორი დღის განმავლობაში ვაზიანსა და ორფოლოს პოლიგონებზე ადგილმდებარეობის კვლევას განახორციელებენ.
ოთხდღიანი კონფერენცია 14 ივლისს დასრულდება.
საერთაშორისო სწავლება „AGILE SPIRIT 2016“ აგვისტო-სექტემბერში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ზომის ქვედანაყოფები აშშ-დან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, ლატვიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. სწავლება ერთდროულად ჩატარდება ვაზიანისა და ორფოლოს პოლიგონებზე და მასში ქვეითებთან ერთად ჯავშანტექნიკაც ჩაერთვება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0