ევროპული ფესტივალების ასოციაცია აცხადებს განაცხადების მიღებას ფესტივალებისთვის 2016-2017 წლის EFFE Label პროგრამისთვის. მასში მონაწილეობის მიღების საშუალება, წელს, პირველად, ქართული ფესტივალების წარმომადგენლებსაც ეძლევათ. 20 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა „EFFE Label 2017-2018 პროგრამის“ პრეზენტაცია, რომელსაც ქართული ფესტივალების წარომადგენლები დაესწრნენ. პროგრამის კოორდინატორებმა – ჰერტ ნესენმა და ნაიმა დელაერმა, ასევე, ასოციაციის წარმომადგენელმა საქართველოში – ლევან ხეთაგურმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია, როგორც პროგრამის მნიშვნელობის, ასევე განაცხადების გაგზავნის წესის შესახებ. პრეზენტაციას დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. EFFE – „ევროპა ფესტივალებისთვის, ფესტივალები ევროპისთვის”, ევროპული ფესტივალების ასოციაციის (EFA) ინიციატივაა, რომლის თანადამფინანსებელიც ევროკავშირია. „EFFE Label“ – ფესტივალებისთვის ხარისხის განმსაზღვრელი ნიშანია, რომელიც მათ მთელი ევროპის მასშტაბით, საერთაშორისო აღიარებას სთავაზობს. ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ფესტივალებისთვის, აღიარებულნი იყვნენ კოლეგებისგან და ევროკავშირისგან, მათი გამორჩეული მხატვრული ხარისხისა და საზოგადოების ჩართულობის მხრივ. პროგრამა იწვევს მსახიობებს, რეჟისორებს, მენეჯერებს და მსოფლიო აუდიტორიას იმისთვის, რომ აღმოაჩინონ ევროპის საუკეთესო, ყველაზე შემოქმედებითი ფესტივალები ევროპის მრავალფეროვან საფესტივალო მოგზაურობაში. განაცხადების შეტანის შესაძლებლობა 2017-2018 EFFE Label პროგრამაზე, ფესტივალებს 2017 წლის 17 თებერვლამდე ეძლევათ. ექსპერტები მთელი ევროპის მასშტაბით შეაფასებენ განაცხადებს და განსაზღვრავენ, არიან თუ არა აღნიშნული ფესტივალები თანხვედრაში სამ ძირითად კრიტერიუმთან – მხატვრული ვალდებულება და ინოვაციური მიდგომები, ჩართულობა ადგილობრივ ორგანიზაციებში/საზოგადოებებში და ევროპული და გლობალური ხედვა. ხარისხის განმსაზღვრელი ნიშნის გარდა, საერთაშორისო ჟიური გასცემს სპეციალურ ჯილდოს მოწინავე, „მიმართულების მიმცემი“ ფესტივალებისთვის. ის ფესტივალები, რომლებიც წარადგენენ განაცხადს, ავტომატურად ხდებიან EFFE-ის მთავარი ჯილდოს პრეტენდენტები (EFFE Award 2017-2018). გამარჯვებულები 2017 წლის მაისში, ფრანკფურტში, EFFE Label-ის შეხვედრის ფარგლებში გამოვლინდებიან. სარგებელი, რომელსაც გამარჯვებულები მიიღებენ, შემდეგია: მათი საქმიანობის ფართო აღიარება და გაზრდილი ცნობადობა (ვებ-გვერდი და EFFE პროგრამა), ახალი ქსელური შესაძლებლობები, როგორც პირისპირ კომუნიკაციაში, ასევე ონლაინ და შემდგომში, მათი ჩართულობით, სახელოვნებო ორგანიზაციებში/საზოგადოებებში.