Fitch – ის შეფასება პოზიტიური გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიმართ, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება სტაბილურია

19/08/2020

სარეიტინგო კომპანიის “Fitch” – ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სადაც მინისტრი ნათია თურნავა ეკონომიკური პროფილის კვლევითი და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, სარეიტინგო კომპანიის შეფასება საქართველოს მიმართ მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რომლებიც კომპანიამ როგორც ჩვენი რეგიონის, ასევე მსოფლიოს უფრო მეტად განვითარებული ქვეყნების მიმართ მიიღო. მისი თქმით, „Fitch“ – მა, ძირითადად, შეამცირა ყველა იმ ქვეყნის რეიტინგის პერსპექტივა ან სუვერენული რეიტინგი, რომლებიც, საქართველოს მსგავსად, ბოლო პერიოდში შეაფასა.

„ამ ფონზე საქართველოსთვის სუვერენული რეიტინგისა და პერსპექტივის უცვლელად დატოვა არის ნდობა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, ბიზნეს გარემოს, ინსტიტუციებისა და მმართველობის მიმართ. „Fitch“ – მა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის თანამიმდევრულობა და საიმედოობა ხელს უწყობს ქვეყნის მდგრადობას შოკების მიმართ. ეს შეფასება მნიშვნელოვანი ფაქტორი და უაღრესად პოზიტიური გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიმართ, რომ საქართველოში ეკონომიკური ვითარება სტაბილურია, ბიზნეს გარემო კი ხელსაყრელი როგორც არსებული ბიზნეს საქმიანობის განვითარებისთვის, ასევე ახლის დასაწყებად“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0