„GRETA“ პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით

03/05/2017

2017 წლის 30 მარტს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) 2016 წლის გენერალური ანგარიში. ანგარიშში ექსპერტთა ჯგუფი პოზიტიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სფეროში.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს. ამ კუთხით „GRETA“ პოზიტიურად აფასებს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის მიზანია სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის შემოღება ადამიანით ვაჭრობის, არასრულწლოვანი მსხვერპლისა და დაზარალებულის დასაცავად.

„GRETA“ დადებითად აფასებს, ასევე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღებას; ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების საკითხის მოწესრიგებისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის სპეციალური ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნით კანონმდებლობის დახვეწას.

„GRETA“ მიესალმება ტრეფიკინგთან ბრძოლის საუწყებათაშორისო საბჭოს ფარგლებში სამდივნოს (იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი) მიერ ტრეფიკინგის ერთიანი მონაცემთა ბაზის შემუშავებას, რომელიც მოიცავს მოქალაქეობის, სქესისა და ასაკის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა, ასევე, ტრეფიკიორების თაობაზე.

ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს ხელისუფლების მიერ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლის ღონისძიებების გასაცნობად საქართველოში 2015 წლის ივნისში იმყოფებოდა. საქართველოს მეორე შეფასების რაუნდი გამოქვეყნდა 2016 წლის 3 ივნისს, რომლის ფარგლებშიც გაცხადებული შეფასებები, ასევე, აისახა „GRETA“-ს საქმიანობის 2016 წლის გენერალურ ანგარიშში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0