ადმინისტრაციაში მდგრადი ტურიზმის განვითარების საკითხზე იმსჯელეს

26/04/2017

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილესთან სოსო ერქომაიშვილთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციაში UNWTO (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზიის) UNEP, ევროკომისიის ETIS, ევროპარლამენტისა და სხვა გლობალური ორგანიზაციების მდგრადი ტურიზმის წამყვან ექსპერტს სილვია ბარბონესა და ზემო ბავარიის და მიუნხენის სავაჭრო სამრეწველო პალატის (გერმანია) პროექტის მენეჯერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში კნუტ გერბერს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს პროექტი, რომელიც გურიის რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულ პროექტს გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი და ზემო ბავარიის და მიუნხენის სავაჭრო სამრეწველო პალატის (გერმანია) პროექტის მენეჯერი კნუტ გერბერი ერთობლივად ხელმძღვანელობენ. სილვია ბარბონე გახლავთ, ასევე, მდგრადი ტურიზმის სწავლების მეთოდოლოგიის “PM4SD – პროექტის მენეჯმენტი მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის” ავტორი, რომელიც მოთხოვნადია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მოწვევით, მდგრადი ტურიზმის საერთაშორისო წელთან დაკავშირებით სტუმარმა ოზურგეთში სემინარები ჩაატარა. შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: • ახალი ტურიზმის განვითარების იდეები • მდგრადობის თეორიის პრაქტიკაში გადატანა • ძირითადი დაინტერესებული მხარეების შეკრება და დაინტერესება • ტურისტული პროდუქტის შექმნა-განვითარებისას მდგრადი მიდგომის განსაზღვრა • კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობა აღნიშნული საკითხის გარშემო • მდგრადი მართვის ხედვები და მიდგომები აღსანიშნავია, რომ ზემო ბავარიის და მიუნხენის სავაჭრო სამრეწველო პალატის (გერმანია) პროექტის მენეჯერი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში კნუტ გერბერი აქტიურად უწყობს ხელს ბავარიულ ინსტიტუციებს განახორციელონ ბიზნესი საქართველოში და სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მათ ვიზიტის დაგეგმვაში. გასულ წელს იგი შეხვდა ბავარიული კათოლიკური უნივერსიტეტის, Eichstätt/ Ingolstadt-ის დეკანს ჰერალდ ფეჰლანერს (Harald Pechlaner), რომელიც დაინტერესებული იყო მიეღო რჩევა თუ რომელ ქვეყანაში გამგზავრებულიყო ტურიზმის სპეციალობის მაგისტრანტ სტუდენტებთან ერთად. კნუტმა მას ურჩია, რომ მის მაგისტრანტ სტუდენტებს სადიპლომო ნამუშევარი საქართველოზე გაეკეთებინათ, კერძოდ, გურიის რეგიონზე. პროფესორი ფეჰლანერი და მისი ჯგუფი გეგმავენ ესტუმრონ გურიის რეგიონს 7 სექტემბრიდან 13 სექტემბერამდე, თბილისში, ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციიაზე (AIEST.org) დასწრების შემდგომ. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და რეგიონში ტურიზმით დაინტერესებული პირები. ღონისძიება ჩატარდა 10YFP (10-year framework of programmes on sustainable consumption and production patterns (10YFP)) – მდგრადი წარმოება-მოხმარების გაეროს ათწლიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც შეტანილია UNWTO-ს მდგრადი საერთაშორისო წელიწადის ღონისძიებათა კალენდარში. გუბერნატორის მოადგილემ სოსო ერქომაიშვილმა სტუმრებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთასთან ახლოს, ადრეული შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი – ვაშნარი და სოფელ შემოქმედის მონასტერი დაათვალიერებინა, რამაც სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა. მხარეები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც იქნება გურიის რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარების საწინდარი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0