ბორჯომში მტკვრის ნაპირების დასუფთავება დაიწყო

21/07/2017

ბორჯომში მტკვრის 26 კილომეტრიანი მონაკვეთი ნარჩენებისაგან გაიწმინდება. ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაიწყო მტკვრის ნაპირების გაწმენდითი სამუშაოები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს დასუფთავების ღონისძიებაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ჩაერთვნენ. მათ სოფელ კორტანეთში მდინარის ნაპირები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განმარტებით, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიების გაწმენდა „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურის უშუალო ჩართულობით 3 დღის წინ დაიწყო და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
„მტკვრის ნაპირების დასუფთავების ღონისძიება წელს მესამედ ტარდება. წლიდან წლამდე უამრავი ნარჩენი გროვდება და მდინარის ნაპირებს მნიშვნელოვნად ანაგვიანებს. ბორჯომი ტურისტულად მზარდი ქალაქია და მისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს სუფთა გარემო. ადგილობრივი თვითმმართველობა აგრძელებს ტრადიციას და ამჯერადაც გარემოსდაცვითი აქციები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის მასშტაბით პერიოდულად განხორციელდება.
მტკვრის ნაპირების დასუფთავების სამუშაოების ჩასატარებლად 10 ადგილობრივი დასაქმდა. ღონისძიება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიერ დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0