გომისმთის დასახლებაში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

03/08/2020

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის დასახლებაში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. გომისმთაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობას ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია ადგილზე გაეცნენ.
მინისტრმა მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გომისმთის მცხოვრებთ პირადად გააცნო და საინფორმაციო მასალები გადასცა. საჯარო რეესტრის საველე ჯგუფებმა მინისტრს გაუზიარეს ინფორმაცია საკადასტრო აზომვების ტექნიკურ საკითხებზე, მათ შორის, რელიეფურ სირთულეებსა და მეტეოროლოგიურ პირობებზე, გეოდეზიური ხელსაწყოების მუშაობის სპეციფიკასა და სხვა პროცედურულ დეტალებზე. მიუხედავად არეალის კომპლექსური ხასიათისა, საამზომველო სამუშაოები აგვისტოს ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის №562 ბრძანების საფუძველზე, დასარეგისტრირებელი დიდი ფართობის გათვალისწინებით, სისტემური რეგისტრაციის განსახორციელებლად სულ 7 მაღალმთიანი გეოგრაფიული არეალია განსაზღვრული, სადაც მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაცია მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
დასახელებულ არეალებში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდება. შერჩეული გეოგრაფიული არეალების საერთო ფართობი 85 292 ჰექტარს შეადგენს, სადაც სისტემური წესით კერძო, მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვას არ დაელოდება და ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას – საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების დარეგისტრირება – საკუთარი ინიციატივით უფასოდ განახორციელებს. პროექტი კერძო მესაკუთრეებს საშუალებას მისცემს, მიწის ნაკვეთები მარტივად და უფასოდ დაირეგისტრირონ, შეძლონ რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვა და ეკონომიკური სარგებლის მიღება.
მესაკუთრეების უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიწის რეგისტრაციის მასშტაბური რეფორმა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წელს დაიწყო და წარმატებით ხორციელდება. 4 წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცედურებით, დაახლოებით, იმავე ოდენობის მიწის ფართობი დარეგისტრირდა, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან რეფორმის დაწყებამდე, ანუ 25-წლიან პერიოდში. რეფორმის მიზანია საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს და ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად დაიფაროს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0