გურიის რეგიონში პრეპარატების დარიგება დაიწყო

24/09/2017

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით გურიის რეგიონში პრეპარატების დარიგება დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურიის რეგიონს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით პრეპარატები გადასცა. მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემა დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან დაიწყო და ეტაპობრივად მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს სადაც მავნებელია გავრცელებული. მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო, ერთ ოჯახს, ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს (მავნებლის მოსაზიდ ხაფანგებს) უსასყიდლოდ გადასცემს. ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც მოსახლეობას დაურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მისი გამოყენების და უსაფრთხოების წესების დაცვის,აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო მასალები. (http://nfa.gov.ge/uploads/other/6/6545.pdf). პრეპარატების გადაცემის პროცესის მიმდინარეობას გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე გაეცნენ. მათ ასევე, განიხილეს ორგანიზაციული საკითხებიც.

“აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. ტემპერატურის დაცემასთან ერთად მავნებელი საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს. სახელმწიფო აგრძელებს ღონისძიებებს მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიის შესაბამისად. თუმცა ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის განსაკუთრებული ჩართულობა და როგორც საკარმიდამო ნაკვეთების ქიმიური დამუშავება, ასევე მექანიკური ღონისძიებების ჩატარებაც. კომპლექსური მიდგომით, შესაძლებელია მავნებლის პოპულაციის მნიშვნელოვნად შემცირება სამომავლოდ“- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

როგორც გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ აღნიშნა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მობილიზებულნი არიან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადაცემული პრეპარატების დარიგებას ადგილობრივი თვითთმართველი ერთეულები უზრუნველყოფენ და გადაცემის პროცესი უკვე დაიწყო.

“დაახლოებით 50 ათას 670 ზე მეტ ოჯახს გადაეცემა პრეპარატები. სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ჩართულობა, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფომ, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად, გურიაში, 20 ათას ჰექტრამდე ფართობი შეწამლა. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩართულია საავიაციო ტექნიკაც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0