დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში ტურისტული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

12/01/2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში მნიშვნელოვანი ტურისტული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სკოლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს Mountain Resorts Development Company/მთის კურორტების განვითარების კომპანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ დააფუძნეს. სასწავლებელს აგრეთვე მხარდაჭერა აღმოუჩინა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“, რომელმაც სკოლას ნახევარ მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება გამოუყო საგრანტო პროგრამის ფარგლებში. გუდაურში ყოფნისას, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო საკურორტო ზონაში მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობას, მათ შორის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ამჟამად გუდაურში არსებული საკანალიზაციო ქსელი ამორტიზებულია და რიგ დასახლებებში სრულად არ არის განვითარებული. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შედეგად, გუდაურს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების სისტემა მოემსახურება. პირველი ვიცე-პრემიერი ასევე დაინტერესდა გუდაურში 100,000 კუბური მეტრის ხელოვნური ტბის მოწყობის სამუშაოებით. აღნიშნული რეზერვუარი უზრუნველყოფს გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას. პროექტის ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია. პირველმა ვიცე-პრემიერმა აგრეთვე დაათვალიერა ახალ გუდაურში ტურისტული ობიექტები, რომლებიც სამთო კურორტზე კომპანია „რედკომ“ ააშენა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0