ზურაბ პატარაძე ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა

18/07/2017

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და მთავრობის წევრები 18-20 ივნისს ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მაქსიმ სტეპანოვის ხელმძღვანელობით ოდესის ოლქის ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობენ. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან, მაქსიმ სტეპანოვთან და დელეგაციის სხვა წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და მთავრობის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებს შორის ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკის და ტურიზმის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, ასევე განათლების კუთხით ურთიერთობის გაღრმავებაზე გამახვილდა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონის სტაბილურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოზე, აჭარის, როგორც ტურისტული ადგილის პოპულარობაზე უკრაინაში, რაზეც მეტყველებს საქართველოში უკრაინიდან ვიზიტორთა 20 %-იანი ზრდა და 14 ავიაფრენა უკრაინის მიმართულებით ბათუმის აეროპორტიდან. მხარეებს შორის განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა საკრუიზო ტურიზმის განვითარების აუცილებლობა რეგიონებს შორის და ორივე მხარის მაქსიმალური ჩართულობა საკრუიზო ტურიზმის ქსელში. ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პორტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ლოჯისტიკური ცენტრების კოორდინირებულ ურთიერთობას. მაქსიმ სტეპანოვმა ასევე სურვილი გამოთქვა ზაფხულის სეზონის ბოლოს აჭარის კულტურული დღეების ოდესაში ჩატარებაის. ევროინტეგრაცია საქართველოსა და უკრაინის რესპუბლიკებისთვის პრიორიტეტია. საქართველო და უკრაინა არის ევროკავშირის ასოცირებული წევრები: ორივე ქვეყანამ მიმდინარე წელს მიიღო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. არსებობს თანამშრომლობა რეგიონალურ დონეზე: ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციასა და აჭარის ა/რ მთავრობას შორის 2005 წელს გაფორმდა თანამშრომლობის პროგრამა, ხოლო 2013 წელს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ხვალ, 19 ივნისს, ბათუმში გამართული საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოდესის რეგიონს შორის, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური, ტექნიკური და კულტურული კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გააღრმავებენ კავშირებს სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, კულტურის და ტურიზმის მიმართულებით. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ სტეპანოვი მოაწერენ. ოდესის დელეგაციას წარმოადგენენ ოდესის ოლქის სახლემწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი კონსტანტინ ჩიჟიკი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე მარია სვინტიცკაია, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი პიოტრ ბოგდანი. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის, ბათუმის პორტისა და იუსტიციის სახლის მუშაობას გაეცნობიან, დაათვალიერებენ ბათუმის ბულვარს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, მუზეუმებს. ასევე დაესწრებიან საინვესტიციო ფორუმსს, რომელიც ბათუმში ხვალ გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0