თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში დავით შალიკაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა

27/10/2016

დღეს ქალაქ ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილს სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში დავით შალიკაშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებას გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე დაესწრნენ.
აღნიშნული გამოფენა მხატვრისთვის, რომელიც ერთი წლის უკან გარდაიცვალა, პირველია და იგი მის ხსოვნას მიეძღვნა.
მხატვრის შემოქმედება, ძირითადად, პორტრეტულ ნახატებსა და ექსპრესიონისტულ ჟანრში შესრულებულ სხვადასხვა ნამუშევრებს მოიცავს.
ბეგლარ სიორიძე, ქალაქის მერი:
,,დღეს განსაკუთრებული ემოციებით დავიტვირთე, გამომდინარე იქედან, რომ მე თავად ვიცნობდი დავით შალიკაშვილს, რომელიც უაღრესად ღირსეული პიროვნება და ნიჭიერი შემოქმედი იყო. სამწუხაროა, რომ ის სიცოცხლეში ვერ მოესწრო პერსონალურ გამოფენას, თუმცა შემოქმედება, რომელიც მან დაგვიტოვა, არასდროს მიეცემა დავიწყებას.”
ნათია გარაყანიძე, მხატვრის მეუღლე:
,,ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ გამოფენით ჩემი მეუღლის შემოქმედება გაცოცხლდა. გარდა იმისა, რომ იგი იყო ინდივიდუალური და საინტერესო მხატვარი, პირველ რიგში, ის იყო პიროვნება. მისი ფაქიზი შინაგანი სამყარო კარგად ჩანს მის ნამუშევრებში. მადლობა გამოფენის ორგანიზატორებს ჩემი მეუღლის ხსოვნის პატივისცემისთვის.”
დავით შალიკაშვილის პერსონალური გამოფენის ხილვის შესაძლებლობა ოზურგეთელებს 20 ნოემბრამდე ექნებათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0