თბილისის ურბანული განვითარება ჩვენი პროგრამული პრიორიტეტია

12/01/2018

დედაქალაქის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დოკუმენტის სრულყოფისთვის გონივრულ ვადას აძლევს და მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თბილისის ურბანული განვითარება ჩვენი პროგრამული პრიორიტეტია. მოსახლეობას დავპირდით, რომ შევიმუშავებდით თბილისის მიწათსარგებლობის ისეთ გენერალურ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის მდგრად და სტაბილურ განვითარებას.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება დედაქალაქის სტრატეგიულად სწორი და პერსპექტიულად განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ურთულესი კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შედგება არსებული მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტის შესწავლის, კვლევის გაანალიზებული მონაცემების გათვალისწინებით და თანამედროვე გამოცდილებისა და მიდგომის გამოყენებით მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებისაგან. ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიცაა განაშენიანების გეგმაზომიერი და მდგრადი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილური ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაწყვეტა, ეკოლოგიური მდგომარეობის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, ისტორიული და კულტურული მატერიალური მემკვიდრეობის შენარჩუნება და მოვლა.
მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ გენგეგმის შესამუშავებლად, არქიტექტურის სამსახურსა და „სითი ინსტიტუტს“ შორის ორი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, გაწეულია მნიშვნელოვანი სამუშაოები. მისი ნაწილი მისაღები და რეალურად, გამოსადეგია ქალაქის განვითარებისთვის, თუმცა დოკუმენტი ჯერ კიდევ დაუსრულებელია და მთელი რიგი მიმართულებებით საფუძვლიანი სამუშაოებია გასაწევი, რათა ამ სახით გენგეგმის მიღებამ მომავალში დამატებითი პრობლემები არ შეუქმნას ქალაქს.
კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, რამდენჯერმე ეცნობა ჩვენი პოზიცია, თუმცა გენგეგმის მეექსვსე- დასკვნითი დოკუმენტი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნის სტანდარტებს.
ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ სწორედ დღეს გვეწურება ვადა, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა თბილისის მერია სითი ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას, მის დასკვნით დოკუმენტს, ვაცნობიერებთ რა, გენგეგმის მაღალ მნიშვნელობას, ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენ ვერ მივცემთ საკუთრ თავს უფლებას დავუშვათ შეცდომა, წავიდეთ კომპრომისზე და მივიღოთ არასრულყოფილი დოკუმენტი.
ჩვენ ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც უკვე გასწია „სითი ინსტიტუტმა“ ამ პროცესში. პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ზოგადად, ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება.
ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარი რესურსების გათვალისწინებით, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული წინადადება, თუ რა ვადებში და როგორ შეძლებენ დოკუმენტის სრულყოფას.
ჩვენ, ჩვენი მხრივ, სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ველოდებით მათ შემხვედრ წინადადებას”. განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0