კენკროვანი კულტურების დაფინანსების პროგრამა ზესტაფონის რამდენიმე სოფელში განხორციელდება

17/10/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროექტ „დანერგე მომავალი“ -ს ფარგლებში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კენკროვანი კულტურების დაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. გაცნობითი სახის შეხვედრაზე, რომელიც სოფელ წიფლავაკეში ჩატარდა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების: ძირულის, სანახშირის, შროშისა და ბოსლევის თემის მოსახლეობა იმყოფებოდა.
‼️აღნიშნულ პროექტში თავდაპირველად სწორედ ამ ოთხი სოფლის მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას.
პროექტის პრეზენტაციას იმერეთის რწმუნებულის- გუბერნატორის მოადგილე – ბესიკ გოფოძე; ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი – კახაბერ მახათაძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი -რუსუდან ძიძიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამინისტროს წარმომადგენელმა მოსახლეობას საფუძვლიანად აუხსნა პროექტის არსი და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დაფინანსებაზე ვრცელი მიმოხილვა გააკეთა.
‼️აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულმა პირებმა, მიწის ნაკვეთის წყლითა და დენის წყაროთი უზრუნველყოფისათვის, ასევე სხვა საკითხებზე კონსულტაციისათვის, მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო ცენტრს უნდა მიმართონ.
‼️დაფინანსების შემთხვევაში ანაზღაურდება აგრეთვე მიწის ანალიზისათვის გაწეული ხარჯი.

„პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი მუნიციპალიტეტის აგრარული კუთხით განვითარებას. ეს ოთხი სოფელი შედარებით მაღალმთიან ზონაში იმყოფება. მოსახლეობის მსგავსი პროექტებით დაინტერესება კი ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ მიატოვონ ისედაც ნახევრად დაცარიელებული სოფლები. ვიმედოვნებთ, კენკროვან კულტურების მოსავლიანობა და მათზე მოთხოვნილების ზრდა განაპირობებს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას“- განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0