ლატვიელი კოლეგებისაგან მივიღეთ ძალიან კარგი შემოთავაზება

23/02/2017

ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ლატვიის ქალაქ მადონას ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში დამეგობრებული ქალაქების ხელმძღვანელმა პირებმა დიმიტრი ყიფიანმა და ანდრეი ცელაპიტერსმა საქმიანი შეხვედრები გამართეს.
როგორც გამგებელმა აღნიშნა, ბორჯომისა და მადონას მუნიციპალიტეტებს რამდენიმე წლიანი ნაყოფიერი ურთიერთობა აკავშირებთ და ეს ვიზიტიც ამ მხრივ გამორჩეული იყო.
„ლატვიელი კოლეგებისაგან მივიღეთ ძალიან კარგი შემოთავაზება, რომელიც ბორჯომელ სკოლის მოსწავლეებს განსაკუთრებით გაახარებთ. დამეგობრებული ქალაქის წარმომადგენლების ინიციატივით, 20-25 ბორჯომელ წარმატებულ ახალგაზრდასა და 2-5 პედაგოგს საშუალება მიეცემა გაემგზავრონ ლატვიის საზაფხულო ბანაკში და არდადეგები შინაარსიანად გაატარონ. პროექტს მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტიც, რომელიც მონაწილეების მგზავრობის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს“- აღნიშნა გამგებელმა.
შეხვედრებისას საუბარი შეეხო ასევე მუნიციპალიტეტებს შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას. ხაზი გაესვა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგების ორმხივ ვიზიტებსა და მათ შორის გამოცდილების გაზიარებას.
აღსანიშნავია, რომ გამგებელი დაესწრო საკრებულოს სხდომას, რომელზეც სამომავლო გეგმებზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.
ვიზიტისას დამეგობრებულ ქალაქების გუნდებს შორის სიმბოლური შეჯიბრიც გაიმართა კალათბურთში. გამარჯვების აღსანიშნავად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მასპინძლებმა თასი გადასცეს.
ოფიციალურ დელეგაციაში გამგებლის გარდა, გამგებლის პირველი მოადგილე ანზორ სვანიძე, იურიდიული კონსულტირების, სასამართლო საქმეთა წარმოების და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი გიორგი ჭანკოტაძე და საკრებულოს დეპუტატი მიხეილ წეველიძე იმყოფებოდნენ.
ბორჯომი და მადონა დამეგობრებული ქალაქების სტატუსს 2013 წლის 25 აგვისტოდან ატარებენ. ამ ხნის განმავლობაში ორ ქალაქს შორის მჭირდო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მუნიციპალიტეტების ინიციატივით, პერიოდულად ხდება საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარება და ორმხრივი პროექტების განხორციელება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0