ლიეტუვა-საქართველოს მუნიციპალური ფორუმი გაიმართა

14/12/2018

ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, ათეა – ს მხარდაჭერით ლიეტუვა – საქართველოს მუნიციპალური ფორუმი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, საქართველოსა და ლიეტუვის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
ფორუმის მონაწილეებმა რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ერთმანეთს, სხვადასხვა მიმართულებით, საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. მოისმინეს მოხსენება ქართული მუნიციპალიტეტების არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და ხედვებზე, ასევე ევროკავშირის დელეგაციის მიერ შემოთავაზებულ შესაძლებლობებზე ქართული მუნიციპალიტეტებისადმი ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების, ენერგო – ეფექტურობისა და უნარების გაზრდის სფეროში.

ათეა-ს ვიცე – პრეზიდენტმა ლიეტუვის წარმომადგენლებს ევროსაბჭოს კონგრესზე საქართველოს მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

„როგორც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით კონგრესში გამოცხადებული ნდობისა და განსაკუთრებული თვალსაჩინო მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენმა წარმომადგენლებმა გამოიჩინეს საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის შესახებ მონიტორინგის დასკვნის შეფასებასა და მიღებაში. აღნიშნული დასკვნა უპრეცედენტოდ დადებითად აფასებს საქართველოში დემოკრატიის პროგრესს“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ღონისძიების მონაწილეებს სხვა გამომსვლელებთან ერთად, ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა.

„თვითმმართველობის ფორუმი წელს პირველად ტარდება. ფორუმზე დეტალურად იქნება განხილული, რისი შესაძლებლობა არსებობს გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. ასევე, განვიხილავთ კონკრეტულ მაგალითებს თუ როგორი სახით შეგვიძლია არა მხოლოდ ვითანამშრომლოთ, არამედ გავიზიაროთ მათი წარმატებული მაგალითები“- განაცხადა მზია გიორგობიანმა.

ლიეტუვა – საქართველოს მუნიციპალური ფორუმის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0