სოფელ ბოლაჯურში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

20/04/2018

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნა. საბავშვო ბაღის შენობა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ და ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ ბაღის აღსაზრდელებთან ერთად საზეიმოდ გახსნეს.
პროექტის ფარგლებში შენობაში სრულად გარემონტდა ოთახები, მოეწყო ლამინატისა და კერამიკული ფილების იატაკი, მოწესრიგდა სველი წერტილები, წყალ-საკანალიზაციო და ელექტრო სისტემები, შეიღება შენობის გარე ფასადი. საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118 000 ლარი მოხმარდა. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაცია „ world vision“-ის ფინანსური მხარდაჭერით სააღმზრდელო დაწესებულება ახალი ავეჯით, სამზარეულო ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.
აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული და მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებდა. დღეიდან კი, აქ ბოლაჯურისა და მიმდებარე ხუთი სოფლის 80-მდე პატარა ორ ჯგუფად შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების დაუფლებას.
აღნიშნული საბავშვო ბაღი რიგით მეხუთეა, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სრულად განახლდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0