სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაბა სურამში მოსახლეობის საკონსულტაციო კრება გაიმართა

13/02/2019

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაბა სურამში მოსახლეობის საკონსულტაციო კრება გაიმართა. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამასა და მასში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სურამის მოსახლეობას ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო, რაც დაბა სურამში უახლოეს მომავალში განხორციელდება გარდა სოფლის მხარდაჭერით განსახორციელებელი მცირემასშტაბიანი პროექტისა.
მოსახლეობის კრებაზე სურამელმა მოქალაქეებმა პრიორიტეტად მიიჩნიეს დაბის ცენტრში სკვერის მოწესრიგების და იქ თანამედროვე და მოხერხებული დასასვენებელი სკამების განთავსების საკითხი, რაც ზაფხულობით გარდა ადგილობრივებისა, ჩამოსულ დამსვენებელსაც მეტ კომფორტს შეუქმნის. კრების მონაწილეებმა გადაწყვეტილება კენჭისყრაში მონაწილეობითაც დაადასტურეს.
სურამის მოსახლეობის კრებას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერიის წარმომადგენლები.
მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება და მთავრობის გადაწყვეტილებით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0