ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ქალაქ ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდა

21/02/2018

გრიგოლ ნემსაძემ და დავით შერაზადიშვილმა მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა ქალაქ ბოლნისში , ლადო ასათიანის ქუჩაზე გამართეს. შეკრებილ მოსახლეობას 2018 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული აქტივობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ქალაქ ბოლნისის ქუჩების ქვაფენილით კეთილმოწყობის პროცესი წელსაც გრძელდება. ადგილობრივი ბაზალტით წელს ლადო ასათიანის ქუჩის პარალელურად 6 მიმდებარე ქუჩა მოპირკეთდება. სამუშოებში, რომელიც სავარაუდოდ მაისში დაიწყება, ადგილობრივი კადები დასაქმდებიან.
გრიგოლ ნემსაძემ და დავით შერაზადიშვილმა დღესვე ქალაქში კიდევ ორი შეხვედრა გამართეს. ხელმძღვანელმა პირებმა N 2 საბავშვო ბაღი მოინახულეს და პერსონალსა და მშობლებს გაესაუბნენ. წელს N 2 საბავშვო ბაგა- ბაღს, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ღირებულებაა 550 000 ლარი. ბაღში 2017 წელს ცენტრალური გათბობის სისტემები დამონტაჟდა. წელს კი სრული რეაბილიტაცია მოხდება.
საბავშვო ბაღის შემდეგ მხარის გუბერნატორი დავით შერაზადიშვილთან ერთად ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მივიდა და ამჟამად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ამ ეტაპზე სამხრეთ ტრიბუნისა და შემოღობვის დემონტაჟი მიმდინარეობს. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 700 000 ლარი, გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება მინდვრის საფარისა და სადრენაჟე სისტემების მოწყობა. რეაბილიტაციის შემდეგ, სტადიონს მიენიჭება II კატეგორია და კლუბი შეძლებს სტადიონზე ჩაატაროს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო გათამაშების 2 ეტაპი, ამასთანავე, აღნიშნულ სტადიონზე შესაძლებელი იქნება ამხანაგური და ოფიციალური მატჩები გამართონ საქართველოს ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივმა გუნდებმა.
დღესვე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად დაბა კაზრეთის, სოფელ რაჭისუბნისა და სოფელ მამხუტის მოსახლეობასაც შეხვდა. აღნიშნულ დასახლებებში წელსაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. დაბა კაზრეთში ლიფტების რეაბილიტაცია გრძელდება და მიმდინარე წელს დაახლოებით 17 შახტის კეთილმოწყობა განხორციელდება. სოფელ რაჭისუბანში კი შიდა გზების მოასფალტება მოხდება. რაც შეეხება სოფელ მამხუტს, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, 2018 წელს რიტუალების სახლის სარემონტო სამუშაოები განხორციელდება.
,,დღევანდელი შეხვედრები ემსახურება მოსახლეობის ინფორმირებას მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ აქტივობებთან დაკავშირებით. 2018 წლის ბიუჯეტის დაფინანსებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე გაწერილია 17 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება საერთო ღირებულებით 2 678 400 ლარის ოდენობით. გარდა ამისა 2018 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით დამტკიცებულია 12 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ღირებულებით 4 138 000 ლარი . ეს არის საწყისი მონაცემები და ბიუჯეტში ჭარბი შემოსავლებისა და სხვადასხვა ფონდიდან მოძიებული თანხებით მდგომარეობა კიდევ შეიცვლება. რათქმაუნდა წელსაც ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რჩება და სწორედ ამ კუთხით მუნიციპალიტეტში უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. უახლოეს დღეებში ყველა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი და გამარჯვებული კომპანიები მალევე შეუდგებიან სამუშაოების შესრულებას. წელსაც მუშა პროცესში აქცენტი გაკეთდება ადგილობრივი კადრების დასაქმებაზე. ჩვენ გვაქვს მოსახლეობის წინაშე გარკვეული ვალდებულებები აღებული და ამ დაპირებებს , ეტაპობრივად აუცილებლად შევასრულებთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0