ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით,გაზაფხულიდან იწყება წყლის და კანალიზაციის მასშტაბური პროექტი

22/10/2019

ქალაქ ხაშურის მოსახლეობას, დღეს, 22 ოქტომბერს ადგილობრივი, საკანონმდებლო ხელისუფლების და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ. ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან- გიორგი გურასპაშვილთან ერთად, მოქალაქეების პრობლემებს ისმენდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: სიმონ ნოზაძე, თემურ ხუბულური, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. შეხვედრებზე მოსახლეობამ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რაც მათი ყოფა–ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. კერძოდ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ღობეების მოწესრიგება ითხოვეს, რაზეც მერიისგან თანხმობა მიიღეს, რუსთაველის ქუჩაზე, მრავალსართულიანი ბინის მცხოვრებლებმა ლიფტისა და ფასადის მოწესრიგება დაასახელეს მნიშვნელოვნად. მუნიციპალიტეტის მერმა კი განუმარტა მათ, რომ ლიფტის პრობლემის მოგვარება უახლოეს დღეებში დაიწყება, ფასადების მოწესრიგება კი-გაზაფხულიდან. შეხვედრებზე, ძირითადად პრობლემად წყალი სახელდებოდა, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით,გაზაფხულიდან იწყება წყლის და კანალიზაციის მასშტაბური პროექტი და ქალაქში ეს საკითხი საბოლოოდ გადაიჭრება. დღეისთვის შეხვედრები, წმ ბარბარეს სახელობის ტაძრის, კულტურის სახლის, ცენტრალური პარკის და ლომოურის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე გაიმართა.
ამ ფორმით, მოსახლეობის აზრის მოსმენა და მათი საჭიროებების შესწავლა, კვლავაც გრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0